რეგიონები

პრემიერი: მთავრობის ყურადღება მიმართული უნდა იყოს რეგიონების განვითარებაზე

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში შიდა ქართლის განვითარების პროექტი წარადგინა. ეს უკვე მესამე რეგიონია, რომლის განვითარების პროექტიც პრემიერმა წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფოს შიდა ქართლის მიმართ განსაკუთრებული ვალდებულება გააჩნია. პრემიერმინისტრის თქმით, ამ რეგიონის განვითარების პროექტში დევნილთა საცხოვრებლების მშენებლობას მნიშვნელოვანი ადგილი ექნება. შიდა ქართლის განვითარების პროექტი სარწყავი სისტემებისა და გზების რეაბილიტაციის პროგამასაც მოიცავს.

"ვაგრძელებთ ჩვენს პროექტს - ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის. ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება, რადგან მთავრობის ყურადღება უნდა იყოს მიმართული რეგიონების განვითარებაზე, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე... მთავარი მიზეზი და ამოცანა, ჩვენი ამ პროექტის არსი არის, რომ მოხდეს რეგიონში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, ეფექტიანად და გონივრულად ათვისება, ადგილობრივი წარმოების განვითარება რეგიონებში, ადგილობრივი საწარმოების აღდგენა და განვითარება, რეგიონის გამოცოცხლება - ჩვენი მოლოდინია, რომ ეს გამოიწვევს ამ რეგიონის ეკონომიკურ გაჯანსაღებას და გამოცოცხლებას და, რაც მთავარია, ჩვენი რეგიონის მოსახლეობის დასაქმებას და მეტი სამუშაო ადგილების შექმნას. რაც მთავარია, ყველა რეგიონს აქვს მართლაც უნიკალური რესურსები და პოტენციალი არის უზარმაზარი. ამას სჭირდება სწორი დაგეგმვა და სწორი გამოყენება. მე იმედი მაქვს, რომ ბიზნესმენები, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან ამ რეგიონში, აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროექტში და ჩვენ, ჩვენი მხრივ, მთავრობა, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მათ ამ ბიზნესიდეების განხორციელებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სამთავრობო პროექტი რეგიონებში მეწარმეობის განვითარებას მოიცავს, რომლისთვისაც სახელმწიფო სხვადასხვა პროექტით, მათ შორის - აწარმოე საქართველოში, იაფი აგროკრედიტი, აგროდაზღვევა და კოოპერატივების დახმარების ცენტრების შექმნით მოახდენს სუბსიდირებას. პრემიერმა განაცხადა, რომ ამის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს მთავრობის მხრიდან გასულ წელს ოთხ მილიონ ლარად არასტანდარტული ვაშლის შეძენა, "რის შედეგადაც გლეხები ზარალს გადარჩნენ".  

კომენტარები