რეგიონები

მარნეულში ქართული ენის სახლი გაიხსნა

მარნეულში ქართული ენის სახლი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ გახსნეს.

განათლების სამინისტროს განცხადებით, აქ ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ქართულ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან. მათთვის საგანგებოდ მომზადდა პროგრამები. ასევე შეირჩნენ და გადამზადნენ პედაგოგები. ყველა პედაგოგი, რომელიც არაქართულენოვან სკოლაში საგანს ბილინგვურად ანუ, მშობლიურ ენასთან ერთად ქართულადაც ასწავლის ხელფასზე დანამატის სახით 200 ლარს იღებს.

ქართული ენის სახლი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, აუდიო-ვიდეო აპარატურითა და სასწავლო-ვიზუალური მასალით.

ხუთი ქართული ენის სახლი უკვე ფუნქციონირებს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. მათი ეტაპობრივად გახსნა დაგეგმილია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა რეგიონში.

 

კომენტარები