რეგიონები

გარდაბნის რაიონის გამგებლის მოადგილემ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

გარდაბნის რაიონის გამგებლის მოადგილე მანუჩარ ჯოხაძე გუშინ, 12 დეკემბერს, საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი ნახეს. სავარაუდოდ, მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 
გარდაცვლილის ახლობლები თვითმკვლელობის მიზეზებზე ვერ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ის დღის განმავლობაში კარგ განწყობაზე იყო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლევან თარხნიშვილი იმედოვნებს, რომ გამოძიება ჯოხაძის გარდაცვალების მიზეზებს დროულად დაადგენს. იგი ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ რამდენიმე დღის წინ ჯოხაძე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. 
"ჩვენ მისი მეუღლისგან და იქ მყოფი ადამიანებისგან რამდენიმე ფაქტის შესახებ ვიცით. ერთი არის ის, რომ ეს ადამიანი გამგებელთან ერთად, ერთი კვირის წინ პროკურატურაში იყო დაბარებული. ფაქტია, რომ დღეს საკმაოდ ბევრ ადამიანს იბარებენ, არის ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობების დონეზე ზეწოლა. ასევე, ფაქტია ისიც, რომ მანუჩარ ჯოხაძეს დღევანდელი დღისათვის ჰქონდა კონკრეტული გეგმა - მას რაჭაში ნათესავი გარდაეცვალა და ოჯახთან ერთად გამგზავრებას აპირებდა. მან გუშინ საღამოს ერთი პიროვნებისგან გარკვეული თანხა ისესხა გასამგზავრებლად, იყო ბანკში, საიდანაც გამოიტანა ეს თანხა, იყიდა საწვავი და დაკავებული იყო იმით, რომ დღეს რაჭაში წასულიყო. ამის შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში მოხდა რაღაც ისეთი, რამაც მას გადაწყვეტილება კარდინალურად შეაცვლევინა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს", - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს ლევან თარხნიშვილმა.

კომენტარები