საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის შეფასებით, "თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას პატიმრობაში დატოვება არის ნათელი ნიშანი იმისა, რომ ეს რეჟიმი მიდის ყველანაირ რეპრესიაზე იმისთვის, რომ არ იყოს თავისუფალი კონკურენცია ქართულ პოლიტიკაში". როგორც გაბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გიგი უგულავა არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე.
"დღეს გავიდა ცხრა თვე მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა პატიმრობაში იმყოფება, ის, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პატიმარი და ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი, მაგრამ ამ უკანონობასაც აქვს რაღაც ზღვარი. გავიდა ცხრა თვე, დღეიდან ყოველდღიურად, სანამ გიგი დარჩება პატიმრობაში, ის არის აბსოლუტურად უკანონო პატიმარი და მისი პატიმრობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუციით, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე ბრალდებული პატიმრობაში შეიძლება იყოს მხოლოდ ცხრა თვე. ცხრა თვე არის გასული და დღეიდან ყოველი დღე, სანამ გიგი რჩება ციხეში, ის არის ივანიშვილის პირადი ტყვე, პირადი მძევალი და, რა თქმა უნდა, ის არის პოლიტიკური პატიმარი. რა თქმა უნდა, მისთვის პატიმრობის გახანგრძლივება არის სრული უკანონობა, რასაც ადასტურებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი განცხადებები. ყველასთვის ცხადია, გიგი უგულავა პატიმრობაში იმყოფება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სურს ხელისუფლებას, ეს სურს ივანიშვილს და არანაირი კანონიერი საფუძველი, მით უმეტეს დღევანდელი დღიდან, მის პატიმრობას არ აქვს", - განაცხადა გაბაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლება დაკავებულია მხოლოდ ოპონენტების დევნით, ოპოზიციის განადგურების სურვილით და მისი აღსრულებით.
"ის არ არის დაკავებული ქვეყნის ეკონომიკაში არსებული უმძიმესი კრიზისის მოგვარებით. როგორც დღეს ირკვევა, ხელისუფლება ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით არის დაკავებული და არა ქვეყანაზე ზრუნვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი აქტიურობით, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩვენი მეგობარი ქვეყნების აქტიურობით საბოლოო ჯამში შევძლებთ და პოლიტიკურად წერტილს დავუსვამთ ამ პოლიტიკურ პატიმრობას", - თქვა გაბაშვილმა.
თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა გუშინ ამოეწურა და რადგან საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, ის უნდა გათავისუფლებულიყო. თუმცა, 14 მარტს, პროკურატურამ უგულავას ბრალი დაუმძიმა და მას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზაციას, ასევე, ტელეკომპანია იმედის და მთაწმინდის პარკის უკანონო დაუფლებას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, დღეიდან გიგი უგულავა უკანონო პატიმარია. დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით უკვე მიმართა.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ხელისუფლების თვითმიზანია და მისთვის პატიმრობის შეფარდების უკან პოლიტიკური მოტივია. ევროპარლამენტარების შეფასებით კი, გიგი უგულავა შერჩევითი სამართლის მსხვერპლია.





