ზეწოლა პატრულის თანამშრომლებზე

ბოკერია: პროკურატურის განცხადება არის საზოგადოების მორიგი დაცინვა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტზე მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება "არის საზოგადოების მორიგი დაცინვა". საქმე ეხება ენმ-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ჩანაწერს, სადაც მოქალაქეები პატრულის თანამშრომლებს ნიკა ალიხანაშვილსა და არჩილ დავითულიანს შეურაცხყოფას აყენებენ. ენმ-ის ინფორმაციით, პატრულის თანამშრომლები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ხოლო "დაკავებული მოძალადე ე.წ. პატრონის ზარის შემდეგ გაათავისუფლეს". მთავარი პროკურატურის მტკიცებით კი, პატრულ-ინსპექტორებმა მოქალაქეები უკანონოდ დააკავეს, რის გამოც, პროკურორის დადგენილებით, ისინი იმავე დღეს გათავისუფლდნენ. პროკურატურის მტკიცებითვე, გამოძიების პროცესში გამოიკვეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების შესაძლო ფაქტები, ამიტომაც, უწყების განმარტებით, ხსენებული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

"ყველამ კარგად ვნახეთ ფირზე, როგორ იქცევიან ეს მოქალაქეები და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ამ ფირზე დაყრდნობით, რომ ისინი დანაშაულს სჩადიოდნენ და პოლიციას მართლაც შეურაცხყოფას აყენებდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ, როგორც მინიმუმ. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ ვნახეთ, როცა კანონდამრღვევი მძღოლის გაჩერებისთვის, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მაღალი თანამდებობის პირთან, დასაჯეს ის პოლიციელი. ეს არის მიზანმიმართული განადგურება სახელმწიფო ინსტიტუტების და პოლიციის და სწორედ ამის შედეგია ის, რაც ხდება ქვეყანაში", - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები