ზეწოლა პატრულის თანამშრომლებზე

ბარამიძე: პოლიციის მაღალჩინოსნები გავლენის სფეროების მოპოვებით დაკავდნენ

pirveliradio.ge

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ყველა ჯანსაღ ძალას" მოუწოდა, გაერთიანდეს სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის წინააღმდეგ. მან პოლიციელზე ზეწოლის ფაქტები გაიხსენა და განაცხადა, რომ მაღალჩინოსნები ემსახურებიან არა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს, არამედ პირადი გავლენის სფეროების მოპოვებით არიან დაკავებულნი.

"ბოლო დროს შემაშფოთებელი ფაქტები მოხდა, რასაც აბსოლუტურად არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან - გიორგი ლომსაძის, ახალციხის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელსაც პირდაპირ იარაღით ემუქრებოდა პოლკოვნიკი ზურაბ ბერიკაშვილი.

დღეს ეს ადამიანი არის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე და გიორგი ლომსაძე აიძულეს და გაათავისუფლეს თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ადამიანი ასრულებდა თავის მოვალეობას. ის ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა ტელევიზიით, აშკარად მოწმობს იმის თაობაზე, რომ პოლკოვნიკმა ბერიკაშვილმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. არაერთი გადაცდომა პოლიციელის მიმართ, პოლიციელის მიმართ იარაღის გამოყენების მუქარა, პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა, პოლიციელისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის ხელის შეშლის ფაქტი და ყველაფერი ეს დაგვირგვინდა იმით, რომ ვიღაცის ზარით ეს ადამიანი საერთოდ გაათავისუფლეს.

კიდევ ერთი სამწუხაროდ, სატირალი რომ არ იყოს, სასაცილო ფაქტი, იმ ცნობილი სკანდალის, ქალბატონი ყუშიტაშვილის ზართან დაკავშირებით, რომელიც მან გააკეთა დავით ცინარიძესთან. ჩვენ ყველამ ვიხილეთ როგორი ცინიზმით აღსავსე პოზიცია წარმოადგინა ხელისუფლებამ. ჯერ ეს ადამიანები თვითონ ადასტურებდნენ, რომ იცნობდნენ ერთმანეთს და შემდგომ ვითომც არაფერი, დღესაც ეს ადამიანი აგრძელებს მუშაობას.

შს სამინისტროს რიგებში ძალიან სერიოზული პრობლემებია, ქვეყანაში არის შექმნილი რთული კრიმინოგენური ვითარება, სწორედ იმის გამო, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები ემსახურებიან არა საზოგადოების და სახელმწიფო ინტერესებს, არამედ გავლენის სფეროების მოპოვებით არიან დაკავებულნი და ივანიშვილისა და მისი უშუალო გარემოცვის პირადი მითითების შესრულების და კაპრიზების დაკმაყოფილებით.

ეს არის ძალიან სახიფათო პროცესი, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. იმიტომ რომ, ეს არის ის ინსტიტუტები, რომელიც უნდა ემსახუროს ჩვენ სახელმწიფოს და საზოგადოებას, დაიცვას ჩვენი საზოგადოების მშვიდობა და უსაფრთხოება. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჯანსაღ ძალას, ვისაც აქვს უნარი გააცნობიეროს ეს ვითარება, თავისი ძალისხმევა მიმართოს იმისაკენ, რომ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის და ეტაპობრივი, მიზანმიმართული დეგრადაციის პროცესი ერთად შევაჩეროთ და შევეცადოთ ქვეყანა წავიყვანოთ სწორი მიმართულებით. გავაძლიეროთ არსებული სახელმწიფო ინსტიტუტები, ძველი გამოცდილების, პოზიტიური თუ ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით, შევეცადოთ, ქვეყანა წავიყვანოთ წინ და არა უკან", - განაცხადა ბარამიძემ.

გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გაზეთ კვირის ქრონიკასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მამაკაცი, რომელიც ვიდეოჩანაწერში თავს პოლკოვნიკ ზურაბ ბერიკაშვილს უწოდებს, არ არის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე, არამედ მისი მოსახელე და მოგვარე.

"ნაციონალებმა დაასახელეს, თითქოს ფირზე იყო ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი. ეს იყო ტყუილი, არის მისი მოსახელე და მოგვარე ზურაბ ბერიკაშვილი, რომელიც სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილეა, წლებია რაც იქ მუშაობს. ის ბორჯომიდან მოდიოდა, დაურეკეს, რომ ბავშვმა ფეხი მოიტეხა, თვითონ იყო ნასვამი, საჭესთან ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა დასვა, ამ ახალგაზრდას არ ჰქონდა მართვის მოწმობა, გააჩერა პატრულმა და მართვის მოწმობის არქონის გამო უწერდა ჯარიმას. რაც იქ მოხდა, მერე იმაზე პატრულმა სწორი რეაგირება გააკეთა და წაიყვანეს განყოფილებაში. დაუწერეს ჯარიმა და გამოუშვეს", - განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები