ზეწოლა პატრულის თანამშრომლებზე

პროკურატურა ენმ-ის ჩანაწერზე: პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს

პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყება ეხმიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც მოქალაქეები პატრულის თანამშრომლებს ნიკა ალიხანაშვილსა და არჩილ დავითულიანს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. დეპუტატ პავლე კუბლაშვილის თქმით, პატრულის თანამშრომლები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ხოლო "დაკავებული მოძალადე ე.წ. პატრონის ზარის შემდეგ გაათავისუფლეს". მთავარი პროკურატურის მტკიცებით კი, პატრულ-ინსპექტორებმა მოქალაქეები უკანონოდ დააკავეს, რის გამოც, პროკურორის დადგენილებით, ისინი იმავე დღეს გათავისუფლდნენ. პროკურატურის მტკიცებითვე, გამოძიების პროცესში გამოიკვეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების შესაძლო ფაქტები, ამიტომაც, უწყების განმარტებით, ხსენებული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

"2015 წლის 26 იანვარს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ბრალდებულის სახით დააკავეს ადვოკატი იმედა წიკლაური და მისი ძმა გიორგი წიკლაური, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს მათი თანმხლები პირი, ასევე ადვოკატი ლევან ავალიანი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 26 იანვარს, ქ.თბილისში, ოქროყანის გზაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა ვ. ჭინჭარაულის მართვის ქვეშ მყოფი „ფორდი“-ს მარკის ავტომობილი, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდნენ გ. წიკლაური, ლ. ავალიანი და ი. წიკლაური. ამ უკანასკნელმა, რომელიც იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გაჩერების მიზეზის ახსნა მოსთხოვა, რაც სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ისინი პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ლ. ავალიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ზედამხედველი პროკურორის მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის პატრულ-ინსპექტორების სამკერდე კამერების და საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის კამერის მიერ განხორციელებული ვიდეო ჩანაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ი. წიკლაურისა და გ. წიკლაურის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს, კერძოდ სამართალდამცავთა მიმართ რაიმე სახის იძულებას, რასაც თან ახლდა ძალადობა ან ძალადობის მუქარა ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ განხორციელდა ხსენებული პირების სსკ-ის 353-ე მუხლით ბრალდებულის სახით დაკავება. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმავე დღეს პროკურორის დადგენილებით ბრალდებულის სახით დაკავებული ი. წიკლაური და გ. წიკლაური გათავისუფლდნენ დაკავებიდან.

აღსანიშნავია, რომ დაკავებისას სხეულის დაზიანება მიიღო ი. წიკლაურმა. მისი განცხადებით, მან ხსენებული დაზიანებები მიიღო პატრულ-ინსპექტორების მხრიდან მისი ცემის შედეგად. იგი მოთავსებული იქნა ჰოსპიტალში და ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა თირკმლის დაჟეჟილობა. აღნიშნულზე დაინიშნა და მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

რაც შეეხება პოლიციის მუშაკისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლ.ავალიანს, მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა, ვინაიდან საერთოდ არ დადასტურდა ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის ფაქტი. არსებული ჩანაწერების შესწავლის შედეგად ასევე დგინდება, რომ ლ.ავალიანის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დაუმორჩილებლობის ჩადენის ფაქტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გამოძიების პროცესში გამოიკვეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების შესაძლო ფაქტები, ხსენებული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

შესაბამისად, მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა დაკავებულების გაშვება მოხდა პროკურორის სატელეფონო ზარით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბრალდებულების გათავისუფლება მოხდა პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ვინაიდან ბრალდებულის სახით დაკავება მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე და აშკარად ჰქონდა ადგილი მოქალაქეთა უფლებების უხეშ დარღვევას", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ჩანაწერი გუშინ გაავრცელა. 

"სამწუხაროდ, ისევ გვიწევს საუბარი იმ დამოკიდებულების შესახებ, რომელიც აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას პოლიციისადმი და სამართალდამცველი ორგანოებისადმი. კერძოდ, იმ თანამშრომლებისადმი, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებენ კეთილსინდისიერად. ეს ფაქტი იანვარში მოხდა. პატრულის თანამშრომლებმა - ნიკა ალიხანაშვილმა და არჩილ დავითულიანმა გააჩერეს ავტომანქანა, რომლიდანაც გადმოვიდა რამოდენიმე ადამიანი, ნასვამ მდგომარეობაში. ხაზს ვუსვამ, რომ მძღოლთან მიმართებაში არანაირ გაუგებრობას ადგილი არ ჰქონია. კონფლიქტი შედგა იმ პირებთან, რომლებიც იყვნენ ამ მანქანაში. ამ ადამიანებმა მიაყენეს სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა პატრულის თანამშრომლებს. საჭირო გახდა პატრულის სხვა დანაყოფების ჩართვა იმისათვის, რომ მათი ეს ძალადობა აღეკვეთათ.

ამის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი დააკავეს. პატრულის თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნისთვის. მოგვიანებით, რამდენიმე საათში ე.წ. პატრონის ზარის შემდეგ დაკავებული მოძალადე გაათავისუფლეს. ხოლო პატრულის თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც შეურაცხყოფა მიაყენეს, დაიწყეს გამოძიება და დევნა, დისციპლინური საქმის წარმოება. რა ინფორმაციაც გვაქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას პროკურატურის ორგანოებიდანაც. პირდაპირ პროკურატურიდან ითხოვდნენ ამ ადამიანების გათავისუფლებას. ეს არის კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც ისჯებიან სახელმწიფო სამსახურისათვის პატრულის თანამშრომლები. ეს არის სამწუხარო რეალობა.

ამის მიზეზია ის, რომ ბატონი დავით ცინარიძე ისევ არის თანამდებობაზე. ბატონი ბერიკაშვილი, რომელიც ბორჯომის ინციდენტში მონაწილეობდა, დღემდე არის თანამდებობაზე. ეს არის გაგრძელება იმისა, რაც მოხდა ბათუმში, როდესაც კრიმინალებს საშუალებას აძლევდნენ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ პოლიციელებისათვის", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

კომენტარები