ციხის კადრების ჩვენება

პრემიერი: როგორც ამიხსნეს, ეს იყო თავისუფალი ზონის პროვოკაცია

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფოთში, ზუგდიდსა და ხობში არასრულწლოვანთათვის ციხისა და სხვა მძიმე კადრების ჩვენებას არ მიესალმება. მისივე თქმით, ეს შესაძლოა, ეს პროვოკაცია ყოფილიყო. პრემიერმინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას და ნებისმიერ პროვოკაციას აღკვეთს.

"არ მივესალმები დაბალი კლასების მოსწავლეების მიყვანას დარბაზებში. თუმცა, აქვე მინდა, ვთქვა, რომ როგორც ამიხსნეს, შესაძლოა, ეს იყო პროვოკაცია, „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლების მიყვანას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამის მიუხედავად, დღეს აღარ გვჭირდება ზედმეტი ემოციები, აგრესია, პროვოკაციები. ორივე მხარეს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ სახელმწიფო დღეს დგას მოწოდების სიმაღლეზე, ნებისმიერი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი. მე მესმის, რომ მოქალაქეებს სურთ, მათ მიუზღონ ჩადენილი დანაშაულების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამეგრელოში. შეგახსენებთ, რომ ჩემი მინისტრობისას აღმოვაჩინეთ ენით აღუწერელი სადისტური კადრები, ვნახეთ, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ტანჯავდნენ მოქალაქეებს განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში.

რა თქმა უნდა, მე მესმის ამ მოქალაქეების, მოსახლეობის, რომლებიც უყურებენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომლებიც ჯერ კიდევ პროვოკაციულად მოქმედებენ. იმედი მაქვს, რომ საზოგადოება დამშვიდდება", - თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციის "ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელმძღვანელის, გია სალუქვაძის ორგანიზებით, ზუგდიდში, ფოთსა და ხობში დოკუმენტური ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" ჩვენება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული ოცნების მხარდამჭერები, სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები ესწრებოდნენ. ტელეკომპანია ოდიშის სიუჟეტში ბავშვები ამბობენ, რომ ისინი ცენტრში მასწავლებელმა მიიყვანა.

კომენტარები