რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

ობამა: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ერთსულოვნები ვრჩებით

ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ერთსულოვნები ვრჩებით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია მტკიცე და ერთიანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიმართებით. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ სამუშაოს, რომელიც მინსკის შეთანხმების გასაფორმებლად კანცლერმა მერკელმა და პრეზიდენტმა ოლანდმა შეასრულეს, მაგრამ გასული წლის გამოცდილებიდან კარგად ვიცით, რომ ეს პროცესი თუ ძლიერი მონიტორინგისა და იმპლემენტაციის პროცესში არ გვეყოლება, შეთანხმება აზრს კარგავს. ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი თემაც ეს იყო - როგორ ვაწარმოოთ ეფექტური მონიტორინგი და როგორ გავაგრძელოთ დაწოლა რუსეთზე, სეპარატისტებზე, რათა მათ შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარონ“, - განაცხადა ობამამ.

ობამას თქმით, საუბარი ასევე შეეხო უკრაინის ეკონომიკას. მისი თქმით, აშშ და ევროპა ყველფერს გააკეთებენ, რათა კიევის მმართველობაში მყოფმა უკრაინამ ეფექტურად არსებობა განაგრძოს.

დონალდ ტუსკის განცხადებით კი, ევროპის მტრები პროპაგანდითა და ძალადობის აქტებით ცდილობენ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფას.

"ჩვენი მტრები, რომლებიც იყენებენ პროპაგანდის იარაღს, არღვევენ მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტს და ძალადობენ. მათ დასავლური სამყაროს პოლიტიკური საზოგადოების დასუსტება სურთ. ჩვენ დღეს ნათლად ვხედავთ, რომ ისინი ჩვენს შიგნიდან გახლეჩას ცდილობენ", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

კომენტარები