საქართველოს ეკონომიკა

ჯაფარიძე ივანიშვილის განცხადებაზე: ოლიგარქი არის ისტერიკაში

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ყოფილი პრემიერის დღევანდელი განცხადება აჩვენებს იმას, რომ "ოლიგარქი არის ისტერიკაში". ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილს კარგად ესმის, რომ "ლარის გაუფასურებაში, ისევე როგორც ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად მას და ის ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას".

"ამის მიუხედავად, იმალება ურეკში, სადღაც ჩირგვებში. ნაციონალურ მოძრაობას ბოლო 2 წლის განმავლობაში აბრალებდნენ მილიონ რაღაცას: დაწყებული საბურავებიდან და შპრიცების დაყრით, მაგრამ ხალხს უკვე აღარ აინტერესებს, ხალხს აინტერესებს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, რომელიც უკვე თვეებია, მისმა ჯიბის მთავრობამ ვერ წარმოადგინა. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია. ივანიშვილისთვის არის უკეთესი, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამ გეგმის განხორციელება, თორემ სხვა შემთხვევაში, ასეთი ტიპის განცხადების გავრცელება მოუწევს საფრანგეთიდან", - განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე". მისი განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა. ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ "ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს". ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელი მოუწოდებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, "შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები". 

კომენტარები