საქართველოს ეკონომიკა

რას უკავშირდება საქსტატის მონაცემებით მშპ-ს 11.1%-იანი ზრდა - ბედინეიშვილის კომენტარი

გიგა ბედინეიშვილი

საქსტატის წინასწარი შეფასების შესახებ, რომლის მიხედვითაც რეალური მშპ იანვრის თვეში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1%-ით გაიზარდა, ტაბულა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლის დეკანსა და ფინანსისტს, გიგა ბედინეიშვილს დაუკავშირდა.

ბედინეიშვილის თქმით, საქსტატის წინასწარ შეფასებაში ასახული ეკონომიკური ზრდის დამაჯერებლად ახსნა რთულია, რადგან ამავე თვის განმავლობაში, იანვარში, ბიუჯეტში დღგ-ის შემოსავლებმა დაიკლო. ფინანსისტი ხაზს უსვამს, რომ დღგ გადასახადის გადამხდელი კომპანიების ბრუნვაზე არის მიბმული, ამიტომ მისი კლება, როგორც წესი, ეკონომიკურ ვარდნაზე მიუთითებს. 

გარდა ამისა, ბედინეიშვილმა აღნიშნა, რომ იანვარში ივანიშვილმა ოფშორულ კომპანიებში არსებული აქტივები ქართულ კომპანიებში გადმოიტანა. ფინანსისტმა ხაზი გაუსვა, რომ თუ ამგვარად შემოტანილი წილები ივანიშვილმა სხვა ქართულ აქტივებში გადაცვალა, ეს შეიძლება ქართული კომპანიების ინვესტიციად ყოფილიყო მიჩნეული და მშპ-ზე გავლენა ჰქონოდა.

ბედინეიშვილმა ვარაუდი გამოთქვა, რომ საქსტატის წინასწარ მონაცემებში ასახული ეკონომიკური ზრდა ამ სცენარს შესაძლოა უკავშირდებოდეს, ხოლო "თუკი ეს ასეა, ეს ყველაფერი საკმაოდ მანიპულაციურად გამოიყურება". 

"ძალიან ძნელია, დამაჯერებლად აიხსნას ასეთი ეკონომიკური ზრდა იმ პირობებში, როცა ბიუჯეტში დღგ-ის შემოსავლებმა იანვარში, პირიქით, დაიკლო. როგორც წესი, დღგ-ის კლება ეკონომიკურ ვარდნას მოასწავებს ხოლმე. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს წინასწარი მაჩვენებელი დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვებს ეფუძნება. ფაქტობრივად გვეუბნებიან, რომ კომპანიებს ბრუნვა გაეზარდათ, მაგრამ დღგ (რომელიც პირდაპირი ფუნქციაა ბრუნვის) შემცირდა.

ამავე დროს, იანვარში ვიცით, რომ ივანიშვილმა მისი ოფშორულ იურისდიქციებში არსებული ინტერესები ქართულ კომპანიებში გადმოიტანა. ასეთი ე.წ. on-shoring პირდაპირ ინვესტიციად უნდა ჩაითვალოს და მოკლე ვადაში მშპ-ზე დიდ გავლენას არ უნდა ახდენდეს, მაგრამ თუ ასეთნაირად შემოტანილი წილები შემდეგ ივანიშვილის სხვა ქართულ აქტივებში გადაიცვალა - ეს შეიძლება ქართული კომპანიის მიერ გაკეთებულ ინვესტიციად შეიძლება ჩათვლილიყო, რასაც პირდაპირი წვლილი შეაქვს მშპ-ში.

თუ ეს ასეა, (ჯერჯერობით, ვარაუდად უნდა ჩავთვალოთ) ეს ყველაფერი საკმაოდ მანიპულაციურად გამოიყურება". - თქვა ბედინეიშვილმა. 

კომენტარები