პოლიტიკური ჯგუფის, ევროოპტიმისტების ერთ-ერთი ლიდერისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის თქმით, საქსტატის წინასწარი მონაცემებით იანვრის თვეში რეალური მშპ-ს 11.1%-ით ზრდა ბიძინა ივანიშვილის ქონების ოფშორული კომპანიებიდან ახლად დარეგისტრირებულ ქართულ კომპანიებზე გადაფორმებასა და მშპ-ს დეფლატორის ხელოვნურად შემცირებას უკავშირდება.
გოცირიძე ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილის ქონება, რომელიც საქართველოში ფიზიკურად მდებარეობდა, მისი ოჯახის ოფშორულ კომპანიებს ეკუთვნოდა, შესაბამისად მათი გადაფორმებით ქვეყანაში რეალურად კაპიტალი არ შემოსულა.
ამის შესახებ გოცირიძე Facebook-ზე წერს.
"იანვრის თვეში მშპ-ს 11 პროცენტით ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არის მანიპულაციის შედეგი. ერთი მხრივ, საქსტატი ხელოვნურად ამცირებს დეფლატორს (ანუ, ინფლაციის მაჩვენებლით კორექტირების კოეფიციენტს), მეორე მხრივ, მშპ-ში აღირიცხა ბიძინა ივნიშვილის ის ქონება, რომელიც საქართველოში იყო ფიზიკურად (შუშის სასახლე და სხვა სახლები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, მიწები, სამშენებლო და სხვა კომპანიების აქტივები და ა. შ.), მაგრამ ეკუთვნოდა მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ ოფშორულ კომპანიებს და გადმოფორმებული იქნა მათ მიერ საქართველოში იანვრის თვეში დაფუძნებულ კომპანიებზე. ამ ოპერაციით ფიქტიურად გაიზარდა მშპ ე. წ. "მთლიანი კაპიტალის ფორმირების" გზით, ანუ საქართველოში კაპიტალი "შემოვიდა". სინამდვილეში, არაფერი შემოსულა, ისედაც აქ იყო.
რაც შეეხება ნახატებსა და ქანდაკებებს, ისინიც ივანიშვილის კომპანიის საკუთრებაა და ისინიც გაზრდიდა აქ გადმოტანით კაპიტალს, მაგრამ რადგან ეს საქონელი ფიზიკურად იქნა იმპორტირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ მან მშპ შეამცირა იმპორტის ხაზით. კაპიტალის მატებით მშპ-ს ზრდა და იმპორტით მშპ-ს შემცირება ერთმანეთს აბათილებს და დიდი ალბათობით, მხატვრული ნიმუშების ეს ოპერაცია მშპ-ს ცვლილებაზე ნეიტრალურად იმოქმედებდა.
ზოგადად, არაერთხელ აღგვინიშნავს საქსტატის მიერ ინფორმაციის დამახინჯებისა და მისი პოლიტიკურად ინტერპრეტაციის შესახებ". - წერს გოცირიძე.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.1% შეადგინა.
"2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში". - წერია საქსტატის წინასწარ შეფასებაში.





