ლარის კურსის ვარდნა

ენმ პრეზიდენტს მოუწოდებს, 27 თებერვალს პარლამენტის საგანგებო სხდომა მოიწვიოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს პრეზიდენტს, 27 თებერვალს პარლამენტში რიგგარეშე საგანგებო სხდომა მოიწვიოს, რომელსაც პრემიერმინისტრი, ვიცეპრემიერები, ეკონომიკური გუნდის მინისტრები დაესწრებიან და საქართველოს ეკონომიკაში არსებული კრიტიკული ვითარებიდან გამოსავალს მოძებნიან. პარტიის წევრის გოკა გაბაშვილის მოსაზრებით, საქართველოს მოქალაქეების სწრაფი და გარდაუვალი გაღარიბება ხდება და მთავრობა ამის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს.

"დღეს უკვე აბსოლუტურად ნათელია, რომ ქვეყანაში მძვინვარებს ძალიან მძიმე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი. ლარის გაუფასურება პირდაპირ ურტყამს ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი მოსახლეობის ინტერესს. ხდება სწრაფი და გარდაუვალი გაღარიბება ჩვენი მოქალაქეების. ეს კრიზისი უკვე ჩამოყალიბებულია, ეს კრიზისი უკვე სახეზეა და ეს კრიზისი არის შედეგი მთავრობის არაკომპეტენტურობის, უნიათობის და 2 წლის განმავლობაში აბსოლუტურად გაუმართლებელი, დამღუპველი პოლიტიკისა. შესაბამისად, ამ მძიმე ვითარებაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა და ამ კრიზისის გათვალისწინებით ჩვენ, როგორც სასწრაფო და აუცილებელი ღონისძიება, მიგვაჩნია საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის თანახმად, მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს, სასწრაფოდ მოწვეული იყოს 27 თებერვალს, პარასკევს რიგგარეშე საგანგებო სხდომა საქართველოს პარლამენტისა, რომელზედაც ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა მოვიდნენ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ვიცეპრემიერები, ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტმა სერიოზულად იმსჯელოს ამ კრიტიკულ ვითარებაზე და მოძებნოს გამოსავლის გზები. ეს კრიზისი მძიმდება ყოველდღიურად, მძიმდება იმიტომ, რომ არ აქვს არანაირი სამოქმედო გეგმა, არ დგამს არანაირ ნაბიჯს, რომ გაუმკლავდეს პრობლემებს და ცინიკურად საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, რომ მოსახლეობამ უკეთ ისწავლოს ფულის დაბანდება", - თქვა გაბაშვილმა.

კომენტარები