ლარის კურსის ვარდნა

კვირიკაშვილი: მთავრობის მოლოდინი ლარის კურსთან დაკავშირებით ადეკვატური იყო

government.gov.ge

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მოლოდინი ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ადეკვატური იყო, თუმცა არავინ ელოდა, რომ ქვეყნის გარშემო სიტუაცია გამძაფრდებოდა. კვირიკაშვილის თქმით, ის მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. თუმცა, მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ძირითადად საგარეო მიზეზებზე იყო დამოკიდებული, რასაც წინასწარ ვერავინ განჭვრეტდა.

“ჩვენი მოლოდინები იყო აბსოლუტურად ადეკვატური. სამწუხაროდ არავინ არ ელოდებოდა, რომ ასე გამძაფრდებოდა მართლაც და ობიექტურად ქვეყნის გარშემო სიტუაცია. მე ვიცი, რომ მოსახლეობისთვის ეს არ არის დამამშვიდებელი, მიზეზი ეს არის, თუ ის არის. პირადად მე მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება, იმ დონეზე, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. არის მოვლენები, რომლებიც ობიექტურად ჩვენს გარეშე ვითარდება. მაგალითად, არავინ არ ელოდებოდა, რომ მინსკის შეთანხმების შემდეგ კიდევ ერთხელ დაირღვეოდა  ეს შეთანხმება. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დეჟავუსავით გვახსენდება პასტუხოვის შეთანხმება და ასე შემდეგ”, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობამ იცის ეროვნული ვალუტის გაუფასურების კონკრეტული მიზეზები და ისიც, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში სავაჭრო ბალანსის გაუარესება. ამის მთავარ მიზეზებად მინისტრი იანვარში გაზის მიწოდების გამო აზოტის ქარხნის მუშაობის შეფერხებას, ფეროშენადნობებზე ფასების ვარდნას და უკრაინასა და რუსეთში ალკოჰოლური და მინერალური სასმელების ექსპორტის კლებას ასახელებს.

“ანატომია მინდა გითხრათ, რა მოხდა იმისი. საუბარია იმაზე, რომ ექსპორტი 30%-ით შემცირდა იანვარში, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი არ მიყვა ინერციით ექსპორტის მაჩვენებლის კლებას. სწორედ ამან გამოიწვია დისბალანსი. ეს ეფექტები უსასრულოდ არ ვრცელდება მომავალში. პირველ რიგში, მოხდება ექსპორტის დაკორექტირება და დასტაბილურება რაღაც დონეზე, ვინაიდან ჩვენ კონკრეტული კომპანიების დონეზე ვართ ჩასული და ვიცით კონკრეტული მიზეზები, რამ გამოიწვია ამა თუ იმ სექტორში კლება. მოგეხსენებათ, გაზის მოწოდება იყო შეფერხებული იანვარში და აზოტის ქარხანა იყო 10 დღით გაჩერებული, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი. ფეროშენადნობებზე მსოფლიო ფასების ვარდნა იყო მეორე მიზეზი, ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტში კლება, რუსეთის და უკრაინის ბაზარზე იყო მინერალური წყლების და ღვინის კლება. ეს იყო ძირითადი მიზეზები. ამას გარდა, ფულადი გზავნილების კლება, ტურიზმიდან შემოსავლის კლება”, - თქვა კვირიკაშვილმა ტელეკომპანია იმედზე პირდაპირი ჩართვისას.

კომენტარები