ქართული ოცნების პოლიტიკა

არსად კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს - კობახიძე ოპოზიციაზე

ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას მანამდე დეპუტატებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი, გახარიას პარტიას "აგენტურა" უწოდა და თქვა, რომ "კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს."

"სამწუხაროა, რაც ვიხილეთ დარბაზში, აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე, როდესაც შეხედეს რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ეს არის მათი სამარცხვინო სახე, თუმცა აქ რთულია რაიმე შეცვალო გამომდინარე იქედან, რომ როდესაც არ გაქვს არც განათლება, არც ინტელექი, კეთილსინდისიერება, არც პატრიოტიზმი რთულია სხვანაირად იმოქმედო და ამ დღეში არიან ეს ადამიანები.

ძალიან სამწუხაროა, რომ პირდაპირ ვიტყვი, კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს, როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე, ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა.

ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ, მათაც დაკარგული ჰქონდათ კაცს კაცის სახე და ქალს ქალის სახე და ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია და საერთო რა ჰქონდათ მაშინდელ ბოლშევიკებს და დღევანდელ აგენტურას, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ვუწოდებდით, რაც მათთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო, საერთო არის ის, რომ ორივე იყო აგენტურა.

როდესაც ხელი გაქვს მოწერილი ჯაშუშობაზე, აგენტობაზე, იქ უბრალოდ შეუძლებელია რომ იმოქმედო ღირსეულად, კაცმა კაცივით, ქალმა ქალივით, ეს უბრალოდ შეუძლებელია, ამიტომ, ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, მათ შორის, ახალგაზრდები, მთავარი რჩევა რაც უნდა მივცეთ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკაში მოსვლა უნდათ, ან არ უნდათ, არის ის, რომ არცერთ შემთხვევაში ხელი არ მოაწეროთ აგენტობაზე.

მე მახსოვს პოპულარიზაციას ცდილობდნენ აგენტობის, მიჯნავდნენ ქვეყნებს ერთმანეთისგან. ამბობდნენ, რომ რომელიღაც ქვეყნის აგენტობა შეიძლება იყოს სათაკილო და რომელიმე ქვეყნის აგენტობა შეიძლება იყოს არათუ მისაღები, არამედ მისასალმებელიც და ამ პროპაგანდის მსხვერპლები არიან ეს ადამიანები, მათ რეალურად ხელი მოაწერეს საკუთარ ღირსებაზე უარის თქმას და ხედავთ ამის კონკრეტულ გამოხატულებას დღეს ჩვენს სხდომათა დარბაზში.

[...] იგივე ეხება გარეთ, ეს ხო სცენარი გადაანაწილეს, აგენტურის ნაწილი უნდა შემოსულიყო, 11 ნაცი, დანარჩენი დატოვეს გარეთ. ეს იყო გარედან დაკვეთილი სცენარი, იგივეა გარეთ მათი მეგობრების და პარტნიორების სახეც, ეს არის პარტია ნაციონალური მოძრაობა, ახალი, ლელო და ასე შემდეგ, არსად კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს არ ჰგავს, ეს არის მართლა ტრაგიკული მოვლენა, რასაც არ შეიძლება გულგრილად შევხედოთ, ამას სჭირდება შველა." - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, 26 ივნისს, პარლამენტის დღევანდელ დასკვნით სასესიო სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ქართული ოცნებისა და გახარიას პარტიის წევრები. 

კომენტარები