ლარის კურსის ვარდნა

კაკაურიძე: გაუფასურება საგარეო ფაქტორების ბრალია, ამას სექტემბრიდან ვუყურებთ

rustavi2.com

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე თვლის, რომ ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი საგარეო ფაქტორებია. მისი აზრით, საქართველოში ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ტურისტების რაოდენობის კლება რეგიონში არსებულმა ვითარებამ გამოიწვია.

“დღევანდელ სიტუაციაში ერთ-ერთი წამყვანი და ძირითადი როლი, რა თქმა უნდა, საგარეო ფაქტორებს აქვს. ჩვენ ვხედავთ, რა სიტუაციაა ჩვენს რეგიონში, ჩვენს გარშემო ეკონომიკებში. შესაბამისად, მათი ეკონომიკების მდგომარეობა აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც, რამაც გამოიწვია როგორც ექსპორტიდან შემოსავლის, ასევე პირდაპირი გადმორიცხვების შემცირება და, სამწუხაროდ, ტურიზმის მაჩვენებელიც არის ერთ-ერთი ფაქტორი”, - თქვა კაკაურიძემ კურიერთან საუბრისას.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მთავრობა ამ ყველაფერს 2014 წლის სექტემბრიდან უყურებდა და აანალიზებდა.

“ჩვენ ამას ვუყურებთ, ექსპორტის შემცირებას, პირდაპირი გადმორიცხვების შემცირებაზე ანალიზი კეთდება გასული წლის სექტემბრის შემდგომ. ჩვენ დავინახეთ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული შემცირებები იყო. თუმცა, ამ პერიოდში, ერთ-ერთი დამბალანსებელი და ვალუტის შემომდინებელი ის ძალიან მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო, რომლებიც დაფიქსირდა 2014 წლის მესამე კვარტალში”, - ამბობს კაკაურიძე.

მინისტრის მოადგილის თქმით, ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ტურიზმისა და ექსპორტის გაზრდაა. მისივე თქმით, ამისთვის მთავრობას გრძელვადიანი გეგმა აქვს შემუშავებული, თუმცა მას საბოლოო გადაწყვეტილებამდე გეგმის გასაჯაროვება არ სურს.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ქვეყანაში ვალუტის შემოდინების ერთადერთი გამოსავალი უნდა იყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტურიზმი. უნდა გააქტიურდეს ამ მიმართულებით მუშაობა და ექსპორტი უნდა იყოს უფრო მეტად წახალისებული. იმისათვის, რომ ინვესტიციები იყოს უფრო მაღალი, არის რამდენიმე გლობალური პაკეტი. თუმცა, მე არ მივცემ თავს უფლებას, რომ იმაზე ადრე გავაჟღერო ეს ყველაფერი, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სავალუტო ფონდთან ერთად განვიხილავთ. თუ  ჩვენ არ გვექნება ზუსტი ინფორმაცია, როგორ შეიძლება ეკონომიკური სიტუაცია ჩვენს რეგიონში შეიცვალოს, გაუარესება რა ეტაპზე შეიძლება მივიდეს, მანამდე ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია”, - თქვა გიორგი კაკაურიძემ.

კაკაურიძისვე თქმით, ექსპორტის წახალისების პროგრამები გრძელვადიანია და თუ მთავრობა ამ კუთხით რაიმე პროგრამას განახორციელებს, ამას მყისიერი ეფექტი არ ექნება.

ექსპორტის წახალისების პროგრამები არის საკმაოდ გრძელვადიანი. დღეს თუ რაიმე პროგრამას განვახორციელებთ, ამას მყისიერი ეფექტი არ ექნება მოკლევადიან პერიოდში. რაც მყისიერად უნდა გავაკეთოთ, არის ალბათ ის, რომ მონეტარული პოლიტიკით უზრუნველვყოთ, ლარი კიდევ უფრო რომ არ გაუფასურდეს. ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ისეთი პროექტები უნდა განხორციელდეს, რომლებიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას”, - თქვა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები