ლარის კურსის ვარდნა

გოცირიძე: მთავრობაა პასუხისმგებელი, რომ ლარი ყვინთავს და სკაფანდრი არ აქვს

დღეს ჩვენ გვაქვს სავალუტო კრიზისი. თუ ის 25%-ს გადააჭარბებს, ეს იქნება უკვე სავალუტო კრახი. ტალღა, რომელიც წამოვიდა სავალუტო კრიზისის დროს წელიწადნახევარი გადაეცემა და ჩვენნაირ ქვეყნებში დაახლოებით 1,6 წლის შემდეგ მთავრდება. ამას აუცილებლად მოსდევს ინფლაცია, სამუშაო ადგილების შემცირება, ბიზნესების დახურვა, უმუშევრობის ზრდა, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ეკონომიკური ზრდის ვარდნაში გამოიხატება... საქართველოში არ არსებობს ეკონომიკური გუნდი. პასუხისმგებელი ამ პროცესზე არის მთავრობა, რომელმაც ჩამოაყალიბა არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ეს იყო ხარჯვითი ეკონომიკური პოლიტიკა. ლამაზი, სოციალურად ორიენტირებული ფრაზებით, ვითომ ადამიანებზე ორიენტირებული. ადამიანებს გაუკეთეს რაღაც სიკეთე, დაასუბსიდირეს, ვენახები, ვაშლები, ჯანდაცვის პროგრამები განახორციელეს. რამდენიც ადამიანებს მისცეს ერთი ხელით, ორი იმდენი წაართვეს სწორედ იმ ზარალით, რაც ადამიანებმა განიცადეს დღეს. როდესაც ადამიანს აძლევ ერთს, ეს ყოველთვის ნიშნავს, რომ რაღაც ხარჯი არის გაწეული. არასწორი ფილოსოფია იყო და ამ ფილოსოფიამ ძალიან სწრაფად იჩინა თავი. თუ თქვენ ამბობთ, რომ ლარი ცურავს, ლარი არ ცურავს, ლარი ყვინთავს. მყვინთავია და სკაფანდრი არ აქვს, სამწუხაროდ.

აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ კურიერთან საუბრისას.

კომენტარები