საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ ტყემალაძის თქმით, ქვეყანაში ლართან დაკავშირებული მდგომარეობა რთულია, რის გამოც საჭიროა ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავება და ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარება.
„რა თქმა უნდა, რთული სიტუაციაა ლარის კურსთან მიმართებაში. ამიტომ, სპეციალური ღონისძიებებია გასატარებელი. უნდა შედგეს ანტიკრიზისული პროგრამა, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს მოკლე ხანში. აქედან გამომდინარე, გარკვეული ვალუტის შემოდინება უნდა გაძლიერდეს. უნდა მოხდეს უკვე ნამდვილად, არა ისე სიტყვაზე, ქამრების შემოჭერის მდგომარეობა“, - აღნიშნა ტყემალაძემ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს ტყემალაძე ამბობდა, რომ ლარი ცუდ მდგომარეობაში არ იყო. მისი თქმით, ლარი იყო მცოცავი კურსი, რის გამოც რყევები ყოველთვის მოსალოდნელი იყო.
"ლარი არაფერ ცუდ მდგომარეობაში არ არის. ლარი არის მცოცავი კურსი და ეს რყევები ყოველთვის მოსალოდნელია,” - თქვა ტყემალაძემ მას შემდეგ, რაც 11 თებერვალს 1 დოლარი 2.0421 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 21 თებერვლიდან ერთი აშშ დოლარი 2.18 (2.1771) თეთრი ეღირება. ეროვნული ვალუტა 20 თებერვლის შემდეგ სამი თეთრით გაუფასურდა.





