რუსული საფრთხე

კვლევა: ამერიკელები რუსეთს შეერთებული შტატების ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევენ

Gallup Poll

ამერიკელები რუსეთს შეერთებული შტატების ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევენ. 2 წლის წინ, ამერიკელების მხოლოდ 2%-მა დაასახელა რუსეთი საფრთხედ, თუმცა, 2014 წელს მაჩვენებელი, რუსეთ-ამერიკას შორის დაძაბულობის გაზრდის პარალელურად, 9% გახდა, წელს კი 18%-ს მიაღწია. კვლევის თანახმად, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ კორეაა 15%-ით. ხოლო ჩინეთისა და ერაყის საფრთხედ აღქმა გასულ წლებთან შედარებით მკვეთრადაა შემცირებული.

კვლევა ამერიკულმა კომპანია Gallup-მა 8-დან 11 თებერვლამდე პერიოდში ჩაატარა, მანამ, სანამ, საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობით, უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდებოდა.

ამასთან, გამოკითხული ამერიკელების 49% საკუთარი ქვეყნისთვის რუსეთის სამხედრო ძალასაც კრიტიკულ საფრთხედ აღიქვამს. გასულ წელს მაჩვენებელი 32% იყო.

გამოკითხულთა 41% თვლის, რომ რუსეთის სამხედრო ძალა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა კრიტიკული. ხოლო 7%-ის მოსაზრებით, რუსეთი საფრთხეს არ წარმოადგენს. უკანასკნელი მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

ამერიკელთა ძირითადი შეხედულება რუსეთთან დაკავშირებით ყველაზე უარყოფითია, რაც კი Gallup-ს 26 წლის მანძილზე გაუზომავს - გამოკითხულთა 70% რუსეთის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი. მაშინ, როცა 3 წლის წინ პოზიტიური დამოკიდებულება უფრო ჰქონდათ, ვიდრე ნეგატიური.

Gallup-მა რუსეთის მიმართ დამოკიდებულების გაზომვა ცივი ომის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ, არცთუ მცირე ხნის განმავლობაში ამერიკელები რუსეთის მიმართ უფრო მეტად პოზიტიურად იყვნენ განწყობილი, ვიდრე ნეგატიურად. იყო გამონაკლისები 1999 წელს კოსოვოს სიტუაციასთან დაკავშირებით, 2003 წელს ერაყის ომის დროს, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისას.

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის დამოკიდებულება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ უარყოფითია - 72% მის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.

გამოკითხვაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 18 წელს გადაცილებული 837 ამერიკელი მონაწილეობდა.

მსგავსი კვლევა გასული წლის ნოემბერში გერმანიაშიც ჩატარდა. გამოკითხულთა 54% რუსეთს საფრთხედ მიიჩნევდა.

აღსანიშნავია, რომ NDI-ის 2014 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში გამოკითხულთა 42% თვლიდა, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, რაც 2013 წლის ნოემბერთან შედარებით 6 ერთეულით არის გაზრდილი.

კომენტარები