რუსეთ-ცხინვალის ე.წ. ხელშეკრულება

ბერუჩაშვილი: რუსეთ-ცხინვალის ხელშეკრულება არალეგიტიმურია

ტაბულა

საგარეო უწყების ხელმძღვანელი თამარ ბერუჩაშვილი რუსეთსა და ცხინვალს შორის გაფორმებულ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას არალეგიტიმურს უწოდებს.

"ეს ხელშეკრულება, როგორც ყველა სხვა ხელშეკრულება, არის არალეგიტიმური და ამ ხელშეკრულებას არ აღიარებს არავინ, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც ტრადიციულად არ აღიარებენ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ეს ხელშეკრულება არის არალეგიტიმური და მას არ აქვს არანაირი სამართლებრივი ძალა. ჩვენ ამ ყველაფერს ვუპირისპირებთ აქტიურ დიპლომატიურ ნაბიჯებს საერთაშორისო ფორმატებში, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებში", - თქვა ბერუჩაშვილმა.

რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, გაფორმებული შეთანხმება მხარეებს შორის ურთიერთობის შესახებ სპეკულაციებს გაანეიტრალებს. მისივე თქმით, მომავალში კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს სერგეი ლავროვმა და დავიდ სანაკოევმა. მანამდე კი რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება და "სახელმწიფო საზღვრის" შესახებ ე.წ. შეთანხმების გაფორმებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.

ლავროვისვე განცხადებით, მალე ცხინვალთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებასაც მოეწერება ხელი.

კომენტარები