რუსეთ-ცხინვალის ე.წ. ხელშეკრულება

საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებების 31-ე რაუნდი რთულ ვითარებაში ჩატარდა

kvira.ge

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდი რთულ ვითარებაში ჩატარდა - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის მიზეზი რუსეტსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებაა.

 „ეს გულისხმობს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას და პირდაპირ კავშირშია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ყველა მთავარ საკითხთან როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით. აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის შერჩევა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავდა საერთაშორისო მედიატორების შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების ერთადერთი ფორმატის დისკრედიტაციასა და ჟენევის რაუნდის ჩაშლას“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ აღნიშნული საკითხი დააყენა თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან და მოუწოდა მათ, რუსეთის ამ უკანონო და პროვოკაციული ქმედების სათანადო შეფასებისკენ.

განცხადებაში წერია, რომ მონაწილეებმა დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წინააღმდეგ მოსკოვის მიზანმიმართული პოლიტიკა. მათ ნათლად წარმოაჩინეს ყველა ის რისკი, რაც თან ახლავს ე.წ. ხელშეკრულებების იმპლემენტაციას ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდიბარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კუთხით.

„შექმნილ ვითარებაში საქართველოს დელეგაციამ პრინციპულად დააყენა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღებისა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა“ - ნათქვამია განცხადებაში. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგი 32-ე რაუნდი გაიმართება 2015 წლის 30 ივნისს - 1 ივლისს.

კომენტარები