რუსეთ-ცხინვალის ე.წ. ხელშეკრულება

სტოლტენბერგი: NATO არ აღიარებს რუსეთ-ცხინვალის ე.წ. შეთანხმებას

northcountrypublicradio

NATO არ აღიარებს თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. შეთანხმებას, რომელსაც ხელი საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის 18 მარტს მოეწერა. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"ეს ე.წ. შეთანხმება არის კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც აბრკოლებს საერთაშორისო საზოგადოების მცდელობებს გააძლიეროს რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა. ის არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობისა და ეუთო-ს პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. შეთანხმება არ უწყობს ხელს საქართველოში ვითარების მშვიდობიან მოგვარებას. 

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია. NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან", - თქვა სტოლტენბერგმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა მოსკოვში ე.წ. ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელი გუშინ მოაწერეს. გაფორმებული დოკუმენტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალებისა და უშიშროების სამსახურების ნაწილის უშუალოდ მოსკოვის დაქვემდებარებაში გადასვლას, ასევე როკის გვირაბზე საზღვრის თავისუფლად გადაკვეთას, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას და მათი პენსიებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. 

კომენტარები