რუსეთ-ცხინვალის ე.წ. ხელშეკრულება

საგარეო უწყება: ვგმობთ ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციას

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.

კერესელიძის თქმით, 19 ივნისს რუსეთის ფედერაციის დუმამ მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელმოწერილ ე.წ. ხელშეკრულებას რატიფიკაცია გაუკეთა.

კერესელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმოს ეს არაკანონიერი ქმედება.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციას და აცხადებს, რომ კრემლის ეს ქმედება წარმოადგენს საქართველოს განუყოფელი ნაწილის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს. რითიც რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და არ შეიძლება წარმოადგენდეს საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს. შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა გაფორმდეს ე.წ. ხელშეკრულება ცხინვალის რეგიონთან, არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ ნორმას. ეს ქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება მისცეს რუსეთის ამ ქმედებას და სათანადო ზეწოლა განახორციელოს", - განაცხადა კერესელიძემ.

 

 

 

კომენტარები