მიხეილ სააკაშვილის საქმე

NATO-ს ს/ა პრეზიდენტი ინტერპოლს - არ გამოაცხადოთ ძებნა სააკაშვილზე

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, აშშ-ის კონგრესმენი მაიკლ ტერნერი მოუწოდებს ინტერპოლს, არ დაკმაყოფილდეს საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით. ინტერპოლის გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილ ოფიციალურ წერილში მაიკლ ტერნერი აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნების დაკმაყოფილებამ ინტერპოლის მიერ შესაძლოა მართლმსაჯულების პრინციპების განმტკიცების ნაცვლად, მათგან გადახვევა გამოიწვიოს.

"პატივცემულო გენერალურო მდივანო, მე გწერთ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პროკურატურამ მოგმართათ ინტერპოლს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის თხოვნით.

ინტერპოლი, როგორც მსოფლიოს უდიდესი საპოლიციო ორგანიზაცია, თამაშობს მნიშვნელოვან როლს, რათა დაცულ იქნას კანონის უზენაესობა, სამართლიანი პროცესის შემადგენელი ფუნდამენტური უფლები და განმტკიცდეს მიუკერძოებელი მართლმსაჯულების პრინციპები. როგორც მოგეხსენებათ, ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლი ეძღვნება სწორედ აღნიშნულ პრინციპებს და მკაცრად უკრძალავს თქვენს ორგანიზაციას, ჩაერთოს იმ საქმეებში, რომელთაც აქვთ პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური და რასობრივი ხასიათი.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის თაობაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აგრეთვე ეუთო-ს სასამართლო პროცესების მონიტორინგის 2014 წლის დეკემბრის ანგარიშის გათვალისწინებით, ვშიშობ, რომ მოთხოვნამ - ინტერპოლმა მიიღოს გარკვეული ზომები პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, მართლმსაჯულების პრინციპების განმტკიცების ნაცვლად, შესაძლოა გამოიწვიოს მათგან გადახვევა.

მე განვაგრძობ ამ შემაშფოთებელი სიტუაციის მონიტორინგს და გთხოვთ, ჩამაყენოთ საქმის კურსში მოლენების განვითარების ირგვლივ", - ნათქვამია მაკლ ტერნერის წერილში ინტერპოლის გენერალური მდივნის სახელზე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის ინფორმაციით, მსგავსი შინაარსის წერილი ინტერპოლმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან, ელმარ ბროკისგანაც მიიღო.

კომენტარები