კრიზისი უკრაინაში

კიევი რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას არ გამორიცხავს

ria.ru

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 52 ათასზე მეტი სამხედრო განალაგა და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყება გამორიცხული არ არის. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა რადას სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ასევე არ არის გამორიცხული, კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტული მეთოდებით იმოქმედოს და თავდასხმები გაააქტიუროს.

"ბოლო დღეებში სიტუაციის მკვეთრი გაუარესება შეინიშნება. წუხელ ჩვენს პოზიციებს 129-ჯერ ესროლეს, რაც წლის დასაწყისიდან აბსოლუტური რეკორდია. დაიღუპა ორი სამხედრო მოსამსახურე. ოთხი დაშავდა. რუსულ-ტერორისტული ფორმირებები სრულად უგულებელყოფენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებულია 36-ათასიანი საჯარისო დაჯგუფება, მათ შორის, 8 500 რუსი სამხედრო მოსამსახურე. უკრაინა-რუსეთის საზღვარზე სრულ საბრძოლო მზადყოფნაში განლაგებულია 52 000 სამხედრო მოსამსახურე და ტექნიკა, ძლიერი შეტევითი პოტენციალით", - აცხადებს ტურჩინოვი.

პრორუსმა სეპარატისტებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიეს საცხოვრებელი უბნები, ასევე სხვა დასახლებული პუნქტები დაბომბეს. დაბომბვის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ორი დაშავდა. 

სეპარატისტებმა და რუსულმა მედიამ კი გაავრცელეს ცნობა, რომ უკრაინული ძალები უკან იხევენ და დონეცკის აეროპორტის დატოვებას დღეს აპირებენ. თუმცა, ამ ცნობას ანტიტერორისტული ოპერაციის სარდლობა უარყოფს და აცხადებს, რომ სამხედროები აეროპორტის დაცვას განაგრძობენ. 

 

კომენტარები