კრიზისი უკრაინაში

რადასთან შეტაკების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, 130 - დაშავდა

facebook.com/anton.gerashchenko

უკრაინის რადას შენობასთან გუშინდელი შეტაკების შედეგად უკრაინის ეროვნული გვარდიის უკვე მესამე მებრძოლი გარდაიცვალა. ისინი დემონსტრანტების მხრიდან ნასროლი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდნენ. დაჭრილების რაოდენობა 130-ს აღწევს. მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტია.

შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, ხელყუმბარა მოხალისეთა ბატალიონ სიჩის მებრძოლმა ისროლა, რომელიც იმ დროს შვებულებაში იმყოფებოდა. დაკავებული იგორ გუმენიუკი, სამართალდამცველების მტკიცებით, პარტია სვობოდას წევრია.

ამასთან დაკავშირებით არსენ ავაკოვმა პასუხისგებლობა ინციდენტზე პარტიის ხელმძღვანელს, მაიდანის ერთ-ერთ ლიდერ ოლეგ ტიაჰნიბოკს დააკისრა. თუმცა თავად ტიაჰნიბოკმა მომხდარს ხელისუფლების პროვოკაცია უწოდა.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მომხდარს უკრაინისთვის ზურგში დარტყმა უწოდა. მან პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.  

"ეს იყო ანტიუკრაინული აქცია, რომლის ყველა ორგანიზატორი, გამონაკლისის გარეშე, მათ შორის პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, უნდა დაისაჯონ. მე გავეცი ბრძანება, რათა ჩატარდეს გამჭვირვალე გამოძიება არა მხოლოდ მონაწილეთა, არამედ ორგანიზატორთა გამოსავლენად", - განაცხადა პოროშენკომ.

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო, რომელიც ქვეყნის მართვის დეცენტრალიზაციას ითვალისწინებს და არეულობის მიზეზი გახდა. მისი თქმით, ამ დოკუმენტის მიღება, რომელიც მინსკის შეთახმებით ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენს, მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია. პოროშენკოს განცხადებით, ცვლილებების მიღება ქვეყანას დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერას მოუტანს და უკრაინულ დიპლომატიას მანევრის მეტ საშუალებას მისცემს. საკონსტიტუციო ცვლილებები მმართველი კოალიციიდან ოლეგ ლიაშკოს რადიკალური პარტიის გასვლის მიზეზი გახდა.

კომენტარები