კრიზისი უკრაინაში

რადასთან შეტაკებისას, ერთი პოლიციელი დაიღუპა და 90-მდე - დაშავდა

facebook.com/anton.gerashchenko

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა კიევში, უმაღლესი რადას შენობასთან დემონსტრანტებსა და სპეცრაზმელებს შორის შეტაკების შედეგად. დემონსტრანტთა რიგებიდან ეროვნული გვარდიის მებრძოლებს, რომლებიც რადას შენობას იცავდნენ, რამდენიმე ხელყუმბარა ესროლეს. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინიტროს მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, 25 წლის მებრძოლი, რომელიც ტყვიით დაიჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სულ დაშავებულ სამართალდამცველთა რაოდენობა 90-მდეა. პოლიციამ 30 ადამიანი უკვე დააკავა, მათ შორის პირი, რომელიც ყუმბარებს ისროდა. მინისტრის ინფორმაციით, თავდამსხმელებს პარტია სვობოდას მაისურები ეცვათ. რადას შენობასთან დილიდან ათასობით მომიტინგე შეიკრიბა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან.

ამასთან, უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, სეპარატისტთა მიერ დაკავებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიის სტატუსი ცალკე კანონით უნდა განისაზღვროს. ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის ხელის შეშლას, ტრიბუნის ბლოკირებითა და ხმაურით, ფრაქციების ბატკივშჩინას, სამოპომიჩისა და რადიკალური პარტიის წევრები შეეცადნენ, რომლებიც ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესების ღალატში ადანაშაულებდნენ.

კომენტარები