სისხლის სამართლის კოდექსი

გადაუდებელი აუცილებლობისას, შესაძლოა, ჩხრეკა ორდერის გარეშე ჩატარდეს

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩხრეკა-ამოღებისას გამომძიებლის შესაბამისი დადგენილება საჭირო აღარ იქნება. ახალი კანონპროექტით, ასეთი აუცილებლობის დროს საკმარისი იქნება, ჩხრეკის ორდერის გარეშე, სამართალდამცველმა პირს მისი ჩხრეკის საფუძველი სიტყვიერად განუმარტოს. ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევა.

პროექტის ინიციატორების თქმით, ცვლილება პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოა აუცილებელი. კერძოდ, სისხლის სამართლის არსებული საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლით, პოლიციას და გამომძიებელს არ აქვს ვალდებულება, წინასწარ ჩხრეკისას ორდერი წარადგინოს, ამავე კოდექსის 120-ე მუხლი კი პირიქით, გამომძიებელს დადგენილების წარდგენას ავალდებულებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გედევან ფოფხაძის აზრით, ცვლილებები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას გაამარტივებს და გამომძიებელი ბიუროკრატიულ პროცედურებზე ფიქრის გარეშე შეძლებს დანაშაულზე მყისიერ რეაგირებას.

კომენტარები