სისხლის სამართლის კოდექსი

შუღლის გაღვივების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვით ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება დასჯადი იქნება. დასჯად ქმედებად განისაზღვრება ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, თუ იგი ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს საპარლამენტო ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობის წევრების აზრით, მრავალი ინტერპრეტაციის მქონე ჩანაწერი შეიძლება რეპრესიის იარაღად შეიძლება იქნეს გამოყენებული და სიფრთხილეა საჭირო. 

„ამ კანონპროექტით ვქმნით საფუძველს იმისთვის, რომ პროკურატურამ ადამიანებს პასუხი მოსთხოვოს, დააშინოს facebook-ზე დაფიქსირებული პოზიციისთვის. მე არ ვფიქრობ, რომ facebook-ზე გამოხატული აზრის გამო ადამიანები ციხეში უნდა ჩაჯდნენ 2 წლით“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

კოდექსში ცვლილებები მთავრობის ინიციატივაა და ის დღეს დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ წარუდგინა. მისი თქმით, ოპოზიციის შეშფოთება, რომ ცვლილებებით შეიზღუდება ადამიანის კრიტიკული აზრის გამოხატვის თავისუფლება, არასწორია. მისი განცხადებით, კანონით იზღუდება ისეთი განცხადებების ღიად გამოთქმა, რომელიც აგრესიულ და ძალადობრივ საფრთხეებს შეიცავს.

„ჩვენი ინიციატივის მიზანი გახლავთ არა ის, რომ შევზღუდოთ ვიღაცის ინტერნეტსივრცეში აზრის გამოთქმა, თუგინდ სიძულვილის ენის შემცველი იყოს და ძალიან კრიტიკულიც, არამედ შევზღუდოთ ისეთი მოწოდებები, რომელიც დაკავშირებულია უკვე კონკრეტულ და არსებით საფრთხესთან“, - თქვა იზორიამ.

პარლამენტში კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერენ თუ არა მას მხარს დეპუტატები.

კომენტარები