სისხლის სამართლის კოდექსი

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე სანქციების ზედა ზღვარი იზრდება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის (117-ე მუხლი) არსებული სანქციის ზედა ზღვარი ერთი წლით, 5-დან 6 წლამდე იზრდება, ქვედა ზღვარი - 3 წელი კი, უცვლელი რჩება. იგივე ქმედებისთვის, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, სასჯელის ზედა ზღვარი 6-დან 7 წლამდე იზრდება.

ერთი წლით, 4 წლამდე იზრდება თავისუფლების აღკვეთის ვადები ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისთვის. არსებული კანონმდებლობით, ზედა ზღვარი სამ წელს შეადგენს. ამასთან, მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის სასჯელის ვადები 3-დან 5 წლის ნაცვლად, 4-დან 6 წლამდე იქნება, მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გასაღება კი, 5-8 წლის ნაცვლად 6-9 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

სანქციის ზედა ზღვარი ერთი წლით გაიზრდება იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვისთვის. 238-ე მუხლში შესატანი ცვლილებით, კი ტერმინი გლუვლულიანი სანადირო თოფი იცვლება ტერმინით გლუვლულიანი სანადირო იარაღი.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორები კი საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები.

კომენტარები