საგარეო პოლიტიკა

ბოკერია: მთავრობას საქმის კეთება არ შეუძლია და ახალ კომისიებს ქმნის

გიგა ბოკერია
ტაბულა

საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობას სკეპტიკურად უყურებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია. მისი შეფასებით, საგარეო პოლიტიკის კოორდინირება მთელი მინისტრთა კაბინეტის საქმეა და ცალკე საბჭოს შექმნა არ სჭირდება. 

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ივანიშვილის გუნდს, ამ მთავრობას საქმის კეთება არ შეუძლია და ახალ კომისიებს ქმნის იმის ნაცვლად, რომ რეალური საქმე აკეთოს. საგარეო პოლიტიკის კოორდინირება არის მთელი მინისტრთა კაბინეტის საქმე. ამისთვის არსებობს მინისტრთა კაბინეტი ისედაც. თუ კიდევ დამატებით რამე სპეფიციკურ სტრუქტურაზეა ლაპარაკი, მეორე უშიშროების საბჭო რომ შექმნეს, ის საბჭო რისთვისღაა? როგორც ილია ჭავჭავაძეს აქვს ნათქვამი, საქმის გაფუჭება თუ გინდა, კომისია უნდა შექმნაო, ეს არის ლოზუნგი და დევიზი ივანიშვილის გუნდის”, - აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო პრემიერმინისტრის ინიციატივით შეიქმნა. საბჭოს პირველი სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში ორ საათზე მეტია, მიმდინარეობს. მას საქართველოს პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს. სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ასევე ევროპულ და ევროატლანტიურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ესწრებიან. საბჭოს შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე დეპუტატიც მონაწილეობს. შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი მხოლოდ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ გააკეთა. მისი თქმით, იმ უწყებებს შორის, რომლებიც საგარეო პოლიტიკაზე ზრუნავენ, მეტი კოორდინაცია და დებატებია საჭირო. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე კოორდინაციის პრობლემა არსებობს.  

კომენტარები