საყდრისი

ეროვნული მუზეუმი: საყდრისთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია

news.ge

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შეფასებით, საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით უკანასკნელ დღეებში მიმდინარე პროცესები უკიდურესად შემაშფოთებელია. როგორც ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, "არქეოლოგიური ობიექტის დღევანდელ სავალალო მდგომარეობა განაპირობა 2013 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად ოქროს სამთამადნო წარმოების ძეგლს მოეხსნა სტატუსი". მუზეუმი აღნიშნავს, რომ ბრძანებას საფუძვლად დაედო თერთმეტკაციანიკომისიის დასკვნა, რომლის მომზადებაში არ ყოფილან ჩართული ის ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც თითქმის ათი წლის განმავლობაში იკვლევდნენ ძეგლს. 

"საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკიდურესად შეშფოთებულია საყდრისი-ყაჩაღიანთან უკანასკნელ დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბოლო დროს, სხვადასხვა კონტექსტით ხშირად ხდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობისა და კომპეტენციის არასწორი ინტერპრეტაცია, რითაც ილახება ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო რეპუტაცია, ყოველივე ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იწვევს, ამიტომ გვინდა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ მუზეუმის პოზიცია, რომ ჩვენი, გერმანული მხარისა და სხვა, პარტნიორი დაწესებულებების, მიერ ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარებული კვლევების საფუძველზე საყდრისი წარმოადგენს მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ბოხუმის გერმანიის სამთო მუზეუმთან (DBM) და სხვა უცხოელ პარტნიორებთან ერთად 2004 წლიდან აწარმოებდა სამთო-მეტალურგიული კერის საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ კვლევებს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე. რის შედეგადაც სამეცნიერო წრეების მიერ ძეგლი აღიარებულ იქნა ოქროს სამთამადნო წარმოების უძველეს კერად მსოფლიოში, რაც გამოიხატა სხვადასხვა დროს საქართველოსა და საზღვარგარეთ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებში.

მიგვაჩნია, რომ არქეოლოგიური ობიექტის დღევანდელ სავალალო მდგომარეობა განაპირობა 2013 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად ოქროს სამთამადნო წარმოების ძეგლს მოეხსნა სტატუსი. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო თერთმეტკაციანიკომისიის დასკვნა, რომლის მომზადებაში არ ყოფილან ჩართული ის ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც თითქმის ათი წლის განმავლობაში იკვლევდნენ ძეგლს. 2013 წელს მოხდა საერთაშორისო ექსპედიციის ჯგუფის იზოლირება ძეგლისაგან და იმავე წელს არქეოლოგთა სხვა ჯგუფმა ჩაატარა სამუშაოები, რომლის შედეგადაც გააქტიურდა ძეგლის ნგრევის პროცესი. ჩვენ მეცნიერებს არ ჰქონდათ საშუალება არათუ ჩართულიყვნენ მიმდინარე სამუშაოებში, ინფორმაციასაც არ ფლობდნენ ძეგლზე მიმდინარე პროცესების შესახებ.

2014 წლის ზაფხულში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კომპანია “RMG გოლდის” ინიციატივით აღდა ურთიერთობა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფთან და დაიწყო მოლაპარაკება ძეგლზე შემდგომი კვლევა-ძიების გაგრძელებასთან დაკავშირებით. პროფ. ტომას შტოლნერისა (რურის უნივერსიტეტი, ბოხუმი, გერმანია) და დოქ. ირინე ღამბაშიძის (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) მიერ მომზადდა არქეოლოგიური გათხრების გაგრძელების გეგმა საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში. გეგმასთან ერთად მომზადებულია ჩატარებული კვლევების ანგარიში, რომელიც გადაეგზავნა მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კომპანია “RMG გოლდს”.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, როგორც სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, მიუხედავად შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, მზად არის სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში კვლავ განიხილოს სამეცნიერო კვლევების გაგრძელების შესაძლებლობა" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები