უცხოური ინვესტიციები

ბობოხიძე ხადურს: უცხოურ ინვესტიციებში საიდან გაჩნდა 508 მილიონი?

epn.ge

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აინტერესებს, საიდან გაჩნდა ის 508 მილიონი, რომელიც, ოფიციალური მაჩვენებლებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ინვესტიციების მაჩვენებელია. ამის შესახებ ენმ-ის წევრმა აკაკი ბობოხიძემ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს დღევანდელ სესიაზე ჰკითხა. 

„ძალიან უცნაურია. ფინანსთა მინისტრმა ამდენ ხანს არ იცოდით, რომ მესამე კვარტალში ამ ზომის ინვესტიცია შემოვიდა თუ რა მოხდა? საიდან გაჩნდა ეს 508 მილიონი? და მე გთხოვთ, დააკონკრეტოთ, რა ობიექტებზე და არა მშენებლობებში ზოგადად, სად არის ეს 508 მილიონი ჩადებული?“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ სხდომაზე, რაზეც ნოდარ ხადურმა უპასუხა, რომ "ეს კომერციული საიდუმლოებაა და ვერ დავაკონკრეტებთ".

ამის შემდეგ ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ოლიმპიური სოფლის მშენებლობა კომერციული საიდუმლოება არ არის. პასუხად, ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ 508 მილიონის 36% ჩაიდო მშენებლობაში და სამი კომპანია დაასახელა: „ჰოალინგ ინტერნეიშენალი", შპს „ოლდ სიტი დეველოპმენტი", „აჭარის წყალი“. ნოდარ ხადურმა იქვე აღნიშნა, რომ აქ არ შედის ყარსი-ახალქალაქის მშენებლობა.  

დღეს პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა დაამტკიცოს. პროექტის საბოლოო ვარიანტი სესიაზე ფინანსთა მინისტრმა წარადგინა. ნახევარსაათიანი მოხსენების შემდეგ მან უპასუხა ნაციონალური მოძრაობის წევრების კითხვებს, რომელიც შეეხებოდა მიმდინარე წლის ბიუჯეტის გარღვევას, სახელფასო დანამატებისა და პრემიების თემას, ასევე უცხოურ ინვესტიციებს.  

 

კომენტარები