უცხოური ინვესტიციები

მაია ფანჯიკიძე ალ ჯაზირას სიუჟეტზე: ჩვენ მიგრაციის პოლიტიკას გადავხედეთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა სხვადასხვა კრიტერიუმის შემოღებას გვავალდებულებს". ასე გამოეხმაურა ფანჯიკიძე ალ ჯაზირას სიუჟეტს, რომელიც აზიელი ფერმერებისთვის ვიზის გაგრძელების მხრივ არსებულ პრობლემებს ეხება.

“საერთოდ, ყოველი ასეთი შემთხვევა უნდა იყოს განხილული ცალ-ცალკე. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნები, რომ გავცეთ, გავაგრძელოთ ვიზა და ქვეყანაში ცხოვრების უფლება მივცეთ რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს. მოგეხსენებათ, ჩვენ მიგრაციის პოლიტიკას გადავხედეთ, შემუშავებულია ახალი წესები. გარდა ამისა, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გვავალდებულებს სხვადასხვა კრიტერიუმების შემოღებას”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ არ იცის კონკრეტული შემთხვევები, რაზეა საუბარია ალ ჯაზირას სიუჟეტში.

"თუმცა, თუკი ვინმე ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს აქვს ვიზის გაცემასთან დაკავშირებით, ვიზა შეიძლება არ გაიცეს", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, რობინ ფორესტერ-უოკერი ტელეკომპანია ალ ჯაზირასთვის გაკეთებულ სიუჟეტში საუბრობს იმაზე, რომ "საქართველო უკიდურესად საჭირო უცხოურ ინვესტიციებს კარგავს". სიუჟეტში, სახელწოდებით "საქართველო მიგრანტებს ვიზის გაგრძელებაზე უარს ეუბნება", ჟურნალისტი ამბობს, რომ საქართველოში აზიელ მიგრანტებს ვიზის პრობლემები აქვთ და მათ ბიზნესს საფრთხე ემუქრება.

"უცხოელ ინვესტორებს ერთ დროს საქართველოში ეპატიჟებოდნენ სასოფლო- სამეურნეო მიწის საყიდლად. მაგრამ ახლა, ბევრი აზიელი იძულებულია საქართველო დატოვოს იმიტომ, რომ ვიზის გაგრძელებაზე უარს ეუბნებიან. კრიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველო უკიდურესად საჭირო უცხოურ ინვესტიციებს კარგავს", - ნათქვამია სიუჟეტში.

რობინ ფორესტერ-უოკერის თქმით, წინა ხელისუფლებამ უცხოური ინვესტიციები მოიზიდა და იმიგრანტებს ბიზნესის გასაკეთებლად პირობები შეუქმნა. ბევრმა ბიზნესმენმა აზიიდან იოლად მიიღო ვიზები, მიტოვებული მიწები იაფად შეიძინა და მოსავლის მოყვანა დაიწყო. მათ ქართულიც ისწავლეს და ადგილობრივი მოსახლეობაც დაასაქმეს.

”გასულ წელს საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვასთან დაკავშირებით უფლება შეუჩერა", - ნათქვამია ალ ჯაზირას სიუჟეტში. 

სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ თებერვალსა და მარტში საქართველოს იუსტიციის სახლმა 50%-ზე ნაკლებ ირანელსა და სამხრეთ აზიელს გაუგრძელა ვიზა.  

კომენტარები