უცხოური ინვესტიციები

ხადური: საქართველო ინვესტორებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა იქნება

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველო ინვესტორებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა იქნება. როგორც ხადურმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, წელს პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე გასული წლის მეორე, მესამე ან მეოთხე კვარტლებში.

"ინვესტიციების ზრდის თვალსაზრისით სერიოზული მოლოდინებია. საინვესტიციო ფონდის დაფუძნების შემდეგ, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, 6 მილიარდ დოლარამდე იქნება აკუმულირებული, ჩვენ უახლოეს 3-4 წლის განმავლობაში ძალიან სერიოზულ ინვესტიებს უნდა ველოდოთ საქართველოში, ასე რომ, ნაციონალური მოძრაობის სურვილები ნამდვილად არ გამართლდება და საქართველო ინვესტორებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა იქნება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა და ამის კიდევ ერთ არგუმენტად ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების საკითხი მოიყვანა. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკა ევროპული ეკონომიკის ნაწილი გახდეს. ხადურის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ბევრი უპირატესობა გაჩნდება და ბევრი ევროპელი ინვესტორი გახსნის საწარმოებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,  საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2013 წლის I კვარტალში 226 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16%-ით ნაკლებია 2012 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე: 2012 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 269 მილიონი აშშ დოლარი იყო, II კვარტალში - 219 მილიონი, III კვარტალში 195 მილიონი და IV კვარტალში 181 მილიონი აშშ დოლარი.

 

კომენტარები