ეუთო-ს ანგარიში

იუსტიციის სამინისტრო: ეუთო-ს ანგარიში სასამართლო სისტემის ხარვეზებს ეხება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) ანგარიშმა, რომელიც საქართველში ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებზე მონიტორინგის შედეგებს ასახავს, ძირითადად სასამართლო სისტემის ხარვეზები გამოავლინა და სასამართლოზე გარეშე ზეწოლის რაიმე ფაქტებს არ ადასტურებს.

„დღეს გამოქვეყნებული თითქმის 150-გვერდიანი ანგარიში ნათლად წარმოაჩენს სასამართლო სისტემის შიგნით არსებულ ხარვეზებს და ადასტურებს იმ რეფორმების აუცილებლობას, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით 2012 წლის ნოემბრიდან დაიწყო და კვლავაც ხორციელდება... ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ის მხოლოდ პრობლემურ საკითხებს მოიცავს და საერთოდ არ ასახავს საქართველოს სისხლის სამართლისა და პრაქტიკის იმ ასპექტებს, რომლებიც შესაბამისობაში იყო საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან. მიმდინარე საკითხებს შორის ხაზგასმულია ის დადებითი ცვლილებები, რომლებიც შედეგია იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების რეფორმის პირველი ეტაპისას", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ „ანგარიშში არსად არის დაფიქსირებული რაიმე პრობლემა სასამართლო ხელისუფლებაზე გარე ზეწოლის რაიმე ფაქტის ან აღქმის შესახებ. ეს საკითხი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებულია. თუმცა, მოსამართლეთა შიდა დამოუკიდებლობა, რაც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას გულისხმობს სასამართლოს ხელისუფლების მესვეურებისგან, განმტკიცებას საჭიროებს, და ეს ანგარიშშიც არის ასახული. ამ საკითხის გადაჭრას ემსახურება სწორედ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმის მესამე ტალღა, რის შესახებაც ვენეციის კომისიამ ახლახან მიიღო დადებითი დასკვნა".

უწყება ასევე მიუთიოტებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისათვის და არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად ანგარიშში აღმასრულებელ ხელისუფლებას − 3, ხოლო პროკურატურას 4 რეკომენდაცია ეძლევა, მაშინ, როდესაც სასამართლო ხელისუფლებისათვის 34 რეკომენდაციაა შეთავაზებული. განცხადების მიხედვით, ანგარიში, ასევე, საუბრობს იმაზე, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების ზოგიერთი ადვოკატი შორს არის იმ პროფესიული სტანდარტისგან, რომელიც აუცილებელია მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების უზრუნველყოფისათვის.

შეგახსენებთ, როგორც დოკუმენტის შესავალშია აღნიშნული, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვერ უზრუნველყოფს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს თანამდებობის პირების კომენტარები სასამართლო პროცესების შესახებ მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადების ნდობას ასუსტებს.

კომენტარები