ეუთო-ს ანგარიში

კახიძე: ეუთო-ს ანგარიში პოლიტიკური ნიშნით დევნაზე მიუთითებს

ოთარ კახიძე
facebook

ადვოკატი ოთარ კახიძე, რომელიც ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს იცავს, ამბობს, რომ ეუთო-ს ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნას. კახიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გამართა.

"ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამინის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მონიტორინგის ჯგუფმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ასახავს ყოფილი თანამდებობის პირების სასამართლო პროცესებზე დაფიქსირებულ დარღვევებს.

მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის, აგრეთვე სამართლიანი სასამართლოს უფლებების სისტემური დარღვევები, მათ შორისა:

1. უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მხრიდან;
2. პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან პროკურატურის საქმიანობაში ჩარევის აღქმა;
3. წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენება და გაგრძელება;
4. სასამართლო განაჩენების დაუსაბუთებლობა;
5. პროცესების უსაფუძვლო, ზოგჯერ კი სავარაუდოდ პოლიტიკური მიზეზებით გაჭიანურება.

აღნიშნულ დარღვევებთან ერთად, ეუთო-ს მონიტორებმა გამოავლინეს შემდეგი პრობლემატური საკითხები:

- მოსამართლეთა საეჭვო შერჩევა;
- მხარეთა შეჯიბრებითობის უფლების დარღვევა;
- მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლების შეზღუდვა;
- სასამართლოს მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.

მონიტორინგის დასკვნის თანახმად -

"სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ხშირად სისტემური ხასიათი ჰქონდა. სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაცია ზემოაღნიშნულ საქმეებში არ იყო გარანტირებული ქართული მართლმსაჯულების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დარღვევა ცალკეულ პროცესებში შესაძლოა განყენებულად არ წარმოადგენდეს სამართლიანის სასამართლოს უფლების დარღვევას, მაგრამ აღნიშნული ცალკეული დარღვევების კომბინაცია, ხარვეზები ეროვნულ კანონმდებლობაში, აგრეთვე ზოგადად პრობლემატური სასამართლო პრაქტიკა არის ის, რამაც მთლიანობაში უგულვებელყო სამართლიანი სასამართლოს უფლებების პატივისცემა საერთაშორისო სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა სამართლის შესაბამისად."

მთავრობის განცხადების თანახმად, "ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოში არ მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა" - სინამდვილეში კი პირიქით, ანგარიშში მოყვანილი დარღვევები და ფაქტები შეეხება სწორედ პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის ხელყოფას, პროკურატურისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვას და სხვა სისტემურ პრობლემებს. მოყვანილია სწორედ ის საკითხები, რაც პოლიტიკური ნიშნით დევნაზე მიუთითებს, ამგვარ აღქმას ტოვებს ეს პოლიტიკური პროცესები და ამ ანგარიშში შავით თეთრზე არის ეს დაფიქსირებული", - თქვა კახიძემ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები