ეუთო-ს ანგარიში

წულუკიანი ეუთოს დასკვნაზე: კუბლაშვილმა სასამართლოში პრობლემები ვერ მოაგვარა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, "ეუთო-ს დემოკრატიულ ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშში, ვერსად ვერ ნახავთ, საქართველოში მოსამართლეს გარე ზეწოლა ემუქრება ვინმესგან". მისი თქმით, ეს საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებული პრობლემაა.

"ამ დასკვნაში ცალსახად ჩანს ის, რომ საკანონმდებლო რეფორმა მართლმსაჯულების რამდენიმე ტალღად მიმდინარეობს და ეს არის წარმატებული. ანგარიშში წერია, რომ დადებითი რაც იყო არსად არ არის მოხსენიებული. ვერსად ნახავთ, რომ ODIHR თვლიდეს საქართველოში მოსამართლეს გარე ზეწოლა ემუქრება ვინმესგან. ეს არის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებული პრობლემა, თუმცა სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელს მოუწევს აღიაროს, რომ მან სასამართლოში პრობლემები ვერ მოაგვარა, რომ აქვს ისეთი პრობლემები, როგორიც არის მოსამართლის შიდა დამოუკიდებლობა ან მოსამართლის დამოუკიდებლობა სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელისგან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, მართლმსაჯულება სასამართლოს გარდა ასევე გულისხმობს პროკურატურასაც, წულუკიანმა განაცხადა, რომ მართალია გულისხმობს, თუმცა აღნიშნა, რომ ანგარიშში პროკურატურას აქვს მხოლოდ ოთხი რეკომენდაცია, ხოლო კონსტანტინე კუბლაშვილს 40-მდე რეკომენდაცია.

"თავად განსაჯეთ ვისთან არის უფრო მეტი პრობლემა", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს დემოკრატიულ ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში ყოფილ მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს ეძღვნება. როგორც დოკუმენტის შესავალშია აღნიშნული, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვერ უზრუნველყოფს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს თანამდებობის პირების კომენტარები სასამართლო პროცესების შესახებ, მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობას ასუსტებს.

კომენტარები