ეუთო-ს ანგარიში

კუბლაშვილი: ხელისუფლების კომენტარები ხშირად არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშს ეხმაურება. ის ეთანხმება შენიშვნების იმ ნაწილს, სადაც საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე. კუბლაშვილის თქმით, დასკვნის ნაწილს არ ეთანხმება, რადგან ბევრი ტექნიკური შენიშვნაა.

"ვეთანხმები ამ შენიშვნებს და პირველ რიგში იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალიან ხშირად გაკეთებული საჯარო განცხადებები სასამართლოს და მოსამართლეების წინააღმდეგ არღვევდა და აკნინებდა უდანაშაულობის პრეზუმფციას. ამას გავლენა ჰქონდა, რა თქმა უნდა, სასამართლოზე. ბუნებრივია, ამ მდგომარეობაში სასამართლოს მუშაობაში გარკვეული ხარვეზები იქნებოდა, როცა გახსოვთ, როგორი განცხადებების ფონზე მიდიოდა ეს პროცესები ჩვენს ქვეყანაში. ამ ნაწილში პრობლემები რომ იქნებოდა, მე ადრეც ვამბობდი. ხშირად აღვნიშნავდი, რომ ასეთი განცხადებები სასამართლოს წინააღმდეგ და ასეთი განცხადებები ბრალდებულებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჯერ საბოლოო განაჩენი არ აქვთ მიღებული მათი დამნაშავეობის შესახებ, პირდაპირ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რასაც შემდეგ სასამართლო პროცესებზე აქვს გავლენა. დიდწილად არ ვეთანხმები დასკვნას, რადგან ბევრი ისეთი ტექნიკური შენიშვნაა, რომელიც, სავარაუდოდ, ჩვენი კანონმდებლობისა თუ პროცესუალური ნაწილის, არცთუ ძალიან კარგი ცოდნითაა გამოწვეული. გარკვეული შეცდომებია დაშვებული", - თქვა კუბლაშვილმა.

კომენტარები