ფარული მოსმენები

ქუცნაშვილი: პრეზიდენტის ვეტოს უფლება შეზღუდული უნდა იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, ფარული მოსმენების შესახებ კანონზე ვეტოს დადებით პრეზიდენტი შეეცადა, პარლამენტისთვის კანონების შინაარსი ეკარნახა. მისი აზრით, "ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში პრეზიდენტის ვეტოს უფლება შეზღუდული უნდა იყოს კონსტიტუციური პრინციპების დაცვით". როგორც ქუცნაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტის შენიშვნებით პარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფი განცვიფრებული და იმედგაცრუებული დარჩა.

"პრეზიდენტი შეეცადა კანონის შინაარსში ჩარევას ვეტოს გამოყენებით. ისმის შეკითხვა, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება კანონების შინაარსში ჩაერიოს? იმ კონსტიტუციური რეფორმების კვალობაზე, როცა ახალი პრეზიდენტი აღარ გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და აღარ წარმართავს პოლიტიკას, რამდენად აქვს მას უფლება, რომ კანონების შინაარსში ჩაერიოს და კანონების შინაარსის თაობაზე შენიშვნები გამოთქვას? მე მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის შენიშვნებში ვერ იყო მითითებული კონსტიტუციის ვერცერთი დებულება, რომელიც მიღებულ კანონს ეწინააღმდეგებოდა. უფრო მიზანშენწონილობის მოტივით იყო დადებული ეს ვეტო. ჩემი აზრით, ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში  პრეზიდენტის ვეტოს უფლება შეზღუდული უნდა იყოს კონსტიტუციური პრინციპების დაცვით. პრეზიდენტს აქვს ვეტოს უფლება, ჩვენ ამას არ უარვყოფთ, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ამ უფლების საფუძველი უნდა იყოს კანონის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოსვლა, მისი ვარაუდი, რომ მიღებული კანონი კონსტიტუციის რომელიმე დებულებას ან რომელიმე მუხლს ეწინააღმდეგება. და არა მიზანშეწონილობის მოტივი. მიზანშეწონილობა ნიშნავს - ეს ვარაინტი ჯობია თუ ის ვარიანტი ჯობია? და კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა ნიშნავს იმას, რომ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის რომელიმე დებულებას ან რომელიმე მუხლს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები