რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ვაშაკიძე: საგარეო-პოლიტიკური კუთხით მთავრობის კრახი სახეზეა

საზოგადოება ივერიას დამფუძნებლის ნიკოლოზ ვაშაკიძის შეფასებით, საგარეო- პოლიტიკური კუთხით საქართველოს მთავრობის კრახი სახეზეა. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2013 წლის დასაწყისში, როცა საგარეო მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა, ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ბევრი რამის გამოსწორება. ახლა კი, ვაშაკიძის აზრით, "კრახი სახეზეა" და ეს საქართველოს მთავრობამ უნდა აღიაროს.

"2013 წლის იანვარში გადავდექი, ოდიოზური იდეები რომ დავინახე საგარეო პოლიტიკაში და გაფრთხილებაც გავაკეთე საკმაოდ ხმამაღლა. მაშინ ბევრი რამე ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. ცოტა მოგვიანებით - უფრო ნაკლები, მაგრამ საკმაოდ ბევრი. ეს მცირდება და დღეს მივედით იქამდე, რომ პრაქტიკულად, საგარეო-პოლიტიკური კუთხით (საშინაო კიდევ ცალკეა განსახილველი) დღევანდელი მთავრობის კრახი სახეზეა. ჩემი რჩევა იქნება, რომ აღიარონ ეს. ორივე პრემიერი სისტემატურად აცხადებდნენ, "რუსეთთან დიალოგი წარმატებით მიდის" და "დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას არ აპირებს". ორივე პოსტულატი რომ აშკარად დანგრეულია, ჩანს. მაშინ, როცა დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ვექტორი სწორედ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება იყო. რომ არ ვილაპარაკოთ კიდევ სხვა პრობლემებზე, რომ ევროპულ სტრუქტურებში მიიღეს უამრავი პრობლემა, კრიტიკა და ა.შ., კრახი სახეზეა. ეს უნდა აღიარონ, როგორც მინიმუმ და მერე უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს", - განაცხადა ვაშაკიძემ თეორემაში.

კომენტარები