თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ადვოკატი: პროკურატურაში მასალების გაცნობა ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება

თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნის გიორგი ლობჟანიძის ადვოკატის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ის ითხოვდა და ითხოვს საქმის მასალების გადაცემას. ვეფხვაძე მთავარი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ე.წ კაბელების საქმეზე ადვოკატებს საქმის საიდუმლო მასალების გაცნობა პროკურატურაში, დროებითი მოთავსების იზოლატორსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესთავაზეს, თუმცა, უარი მიიღეს. პროკურატურის განცხადებით, ადვოკატები დოკუმენტების გადაცემას და თან წაღებას ითხოვდნენ, რაც უწყების განმარტებით, დაუშვებელია.

ლევან ვეფხვაძის თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი ცალსახად და იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ დაცვის მხარეს სრულად უნდა გადაეცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები. მისივე განცხადებით, პროკურატურაში საქმის მასალების გაცნობა ადამიანურ შესაძლებელობას აღემატება.

"პროკურატურის განცხადებაში განმარტებული იყო, რომ ადვოკატებს მოგვეცა საშუალება დროებით მოთავსების იზოლატორში გავცნობოდით საქმის მასალებს, რაზედაც ჩვენ უარი განვაცხადეთ სათანადო პირობების არ არსებობის გამო. აღნიშნული სიმართლეა, თუმცა პროკურატურამ არ დაასახელა ის ფაქტი, რომ საქმის მოცულობიდან გამომდინარე ჩვენ ასევე უარი განვაცხადეთ (რომელიც პროკურატურას დავუფიქსირეთ ოქმში) პროკურატურაში საქმის მასალების გაცნობაზე, რადგან ეს ადამიანურ შესაძლებელობას აღემატებოდა და აღემატება.

პროკურატურის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ აღკვეთის ღონისძიების განხილვის დღეს დაგვიკავშირდნენ და კვლავ შემოგვთავაზეს საქმის მასალების გაცნობა, რიტორიკულ კითხვას დავსვამ. მაშინ როდესაც წინა დღეს პროკურატურას უარი განვუცხადეთ საქმის მასალების გაცნობაზე მისი მოცულობიდან გამომდინარე, როგორ წარმოედგენა პროკურატურას აღკვეთის შუამდგომლობის განხილვამდე 2 საათით ადრე შევძლებდით საქმის მასალების გაცნობას ?!

ასევე, პროკურატურამ არასწორედ გააჟღერა, თითქოს დაცვის მხარეს არ უპასუხია მათ მიერ გამოგზავნილ წერილზე. მე 2014 წლის 12 ნოემბერს მთავარ პროკურატურაში გადავგზავნე განცხადება, სადაც ცალსახად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ასევე მოვითხოვე პროკურატურას გაეცა პასუხები შემდეგ კითხვებზე:

1. რომელი კანონის, რომელი მუხლის საფუძველზე მაძლევს პროკურატურა უფლებას გავეცნო გრიფირებულ საქმის მასალებს;

2. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რომელი მუხლი აძლევს პროკურატურას უფლებას, რომ დაცვის მხარეს არ გადასცეს თუნდაც გრიფირებული სისხლის სამართლის საქმის მასალები.

განცხადებაში ასევე განვმარტე, რომ ბრალდების მხარის მიერ დასახელებული სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი, არეგულირებს საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკვშირებული საქმიანობის ნებართვის გაცემის წესს, ამიტომ, ჩემთვის გაურკვეველია, რა საფუძვლით ვრცელდება აღნიშნული ნორმა ჩემზე, როგორც ფიზიკურ პირზე. პროკურატურას აღნიშნულზე არ გაუცია პასუხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად ვითხოვ და ვითხოვდი საქმის მასალების გადმოცემას" - წერს ლევან ვეფხვაძე facebook-ში.

კომენტარები