მიხეილ სააკაშვილის საქმე

კახიძე: გელაშვილის ცემის საქმეში ახალი გარემოებები არ იკვეთება

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ადვოკატებმა ოთარ კახიძემ და გიორგი ჩივიაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. მათი განმარტებით, საქმეში ახალი გარემოებები არ იკვეთება და გაუგებარია, რის საფუძველზე დაუძიმდათ ბრალი მიხეილ სააკაშვილს და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს.
ოთარ კახიძე ვარაუდობს, რომ ეს სამთავრობო კრიზისის გადაფარვის მიზნით მოხდა.

"სისხლის სამართლის საქმეში არანაირი ახალი მტკიცებულება არ არის და ჩვენთვის გაუგებარია, თუ რა გახდა ბრალის ცვლილების საფუძველი. ვფიქრობთ, რომ პროკურატურა ცდილობს, საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ამ საქმეს კიდევ ერთხელ. სავარაუდოდ, სამთავრობო კრიზისის გადაფარვის მიზნით", - ამბობს ადვოკატი.

ოთარ კახიძის თქმით, საქმე ეფუძნება ოქრუაშვილისა და ბურჯანაძის ჩვენებებს, რომლებსაც პირადი ინტერესი გააჩნიათ ბრალდებულის მიმართ. ეს კი იმას მიუთითებს, რომ "საქმე შეკერილია". დღევანდელ პრესკონფერენციაზე უცხოელი ექსპერტების თემასაც შეეხნენ. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილსთვის გაუგებარია, რატომ გადაეცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქმის ის მასალა, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი თავდასხმის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილს უფროსს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გია სირაძეს ბრალდებები დაუმძიმდათ. ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურატურამ გუშინ გაავრცელა. უწყების განმარტებით, ბრალდების დამძიმება გამოძიებით დადგენილმა ახალმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გამოიწვია.

კომენტარები