მიხეილ სააკაშვილის საქმე

ვალერი გელაშვილის ცემაზე სააკაშვილს, მერაბიშვილს და კოდუას ბრალი დაუმძიმდათ

საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი თავდასხმის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილს უფროსს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გია სირაძეს ბრალდებები დაუმძიმდათ. ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. უწყების განმარტებით, "გამოძიებით დადგენილმა ახალმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გამოიწვიეს ბრალდებების დამძიმება".

მიხეილ სააკაშვილს და ივანე მერაბიშვილს, რომელთაც ბრალად ედებოდათ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დაუმძიმდათ ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით.

ერეკლე კოდუას და გია სირაძეს, რომელთაც ბრალად ედებოდათ ძალადობით და იარაღის გამოყენებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, აგრეთვე სხვისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღის ძალადობით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, დაუმძიმდათ ბრალდებები სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის და ყაჩაღობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ"ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით.

"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნით (იხ. პირველადი დასკვნა) ვალერი გელაშვილს დადგენილი ჰქონდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. დაზარალებულის მიერ ლიტვაში ჩატარებული ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (იხ. ლიტვის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სასამართლო მედიცინის სახელმწიფო სამსახურის ექსპერტიზის დასკვნა1დასკვნა2) და  შემდგომში ლიტველი და ქართველი ექსპერტების ერთობლივი კომისიური საექსპერტო კვლევის შედეგად (იხ. კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა), ვალერი გელაშვილს დაუდგინდა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. ასევე გამოძიებამ მოიპოვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, დაზარალებულისაგან გატაცებული ძვირადღირებული პირადი ნივთებისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიერ მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას. 

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. აღნიშნულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.

აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა ვალერი გელაშვილის ცემა, რაზედაც ირაკლი ოქრუაშვილისაგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს. დავალების მიღების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ საააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 14 ივლისს. კერძოდ, სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას,  მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება,  რის შემდეგაც  თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, რომელიც დააწვინეს ასფალტზე, იარაღის კონდახებით  სასტიკად ცემეს და გაიტაცეს ვალერი გელაშვილის კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch“-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი და ბეჭედი, ღირებული 50 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუხოცელი დამახინჯება" - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2005 წლის 14 ივლისს, "თუმცა  იმ პერიოდში საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად არ განხორციელებულა არცერთი ქმედითი საგამოძიებო მოქმედება და 2013 წელს საქმეზე გამოძიების განახლებამდე აღნიშნული ფაქტი იყო გაუხსნელი".

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და  179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14 წლამდე ვადით.

კომენტარები