ფარული მოსმენები

მიროტაძე: გამიჭირდება თქმა, დავუჭერ თუ არა მხარს ვეტოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის თქმით, მას გაუჭირდება თქმა, დაუჭერს თუ არა მხარს მოსმენების შესახებ კანონპროექტის გადავადებაზე პრეზიდენტის ვეტოს, თუმცა, არჩევანს საზოგადოების სასარგებლოდ გააკეთებს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვასდასხვაობა იყო. ბევრი ადამიანი იყო იმ მოსაზრებაზე, რომ იქნებ არ გადავადებულიყო. თუმცა, პირველი ნოემბერი არის ხვალ. ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოუვალი ჩიხური მდგომარეობა. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მაინც ანგარიში გავუწიეთ იმ მოცემულობას, რომელ მოცემულობაშიც ჩვენ აღვმოვჩნდით. ეს მოცემულობა, რასაკვირველია, რთულია. მე ამ კანონის მხარდაჭერისგან თავი შევიკავე. თუმცა ამ წუთამდე ვფიქრობ, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შემოთავაზებულია, დროში ვერ მოესწრო. ბევრი დეტალია, რომელიც საჭიროებს დახვეწას. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოხდა ან ვისი მიზეზით. მოცემულობა და ფაქტია, რომ ბევრი დეტალია, რომელიც უნდა დაზუსტდეს. ამისთვის საჭირო იყო დრო. მე ვითხოვდი კომიტეტის სხდომაზე, 1 იანვრამდე გადავადებულიყო, რაზეც მივიღე პასუხი, რომ ტექნიკურად შეუძლებელი იყო. თუმცა, ორი თვით მაინც მოხდა გადაწევა. ახლა გამიჭირდება თქმა, დავუჭერ თუ არა მხარს ვეტოს. ერთი, რამ ვიცი ზუსტად - ამ კანონთან დაკავშირებით ბევრს ვიფიქრებ. ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს იმ კანონებს შორისაა, რომლებიც საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არჩევანზე დადგება საქმე - არჩევანს საზოგადოების სასარგებლოდ გავაკეთებ", - თქვა მიროტაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსმენების შესახებ კანონპროექტის გადავადებას ვეტო დაადო. მისი თქმით, ხელისუფლება სწრაფად უნდა იღებდეს იმ კანონებს, რომლებზეც საზოგადოებაში სრული კონსენსუსია.

ამასთან, პრეზიდენტმა კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტს შენიშვნებით დაუბრუნა გუშინ მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი. პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი კანონის პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტმა ფარულ მოსმენებზე კანონპროექტი 1 დეკემბრამდე უნდა მიიღოს. პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, სწორედ 1 დეკემბრამდე ექნება შსს-ს ე.წ გასაღებზე წვდომის უფლება.

აღსანიშნავია, რომ თუ პარლამენტმა ვეტოს დაძლევა გადაწყვიტა, ამისთვის 76 ხმა დასჭირდება.

ცნობისთვის, პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები 65 ხმით 31-ის წინააღმდეგ გავიდა. პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი პირველი აპრილის ნაცვლად, 28 თებერვლამდე უნდა მოემზადებინა და დაემტკიცებინა. კანონპროექტისთვის პრეზიდენტს ხელი დღეს უნდა მოეწერა, თუმცა, მან ვეტო დაადო.

პარლამენტმა 1 აგვისტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო პაკეტი ისე მიიღო, რომ ღიად დარჩა საკითხი, ვის ხელში უნდა იყოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ე.წ. გასაღები. პარლამენტს 2014 წლის პირველ ნოემბრამდე ჰქონდა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის დამტკიცების ვადა, თუმცა გუშინდელი გადაწყვეტილებით, ეს ვადა 28 თებერვლამდე გადაიწია.

კომენტარები