თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ალექსი ბატიაშვილს მოწმის სახით დაკითხავენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ბატიაშვილს პროკურატურა მოწმის სახით დაკითხავს. ბატიაშვილს 3 ნოემბერს, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ. 

აღსანიშნავია, რომ როგორც გუშინ საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე წერდა, მას ერთი თვის წინ უთხრეს ლექსო ბატიაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების შესახებ. თარგამაძის ინფორმაციით, გამოძიება ბატიაშვილის შს მინისტრის მოადგილეობის პერიოდს ეხებოდა.
 
"ასევე, გუშინ მითხრეს, რომ თავდაცვაში ხუთი კაცის დაკავებაც ბატიაშვილამდე მივა", - წერს თარგამაძე Facebook-ში და აღნიშნავს, რომ, მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა დაიბარა ირაკლი ალასანია და უთხრა, რომ ენმ-ის მიერ ოპოზიციის ნიშის მონოპოლიზების გაგრძელება ქართული ოცნებისთვის დამღუპველი იქნება.
 
"ოპოზიციაში უნდა წახვიდე ჩემი ფინანსური უზრუნველყოფით და სრული კონტროლითო. ფინანსური კონტროლი კი, 2012 წლის არჩევნებისთანავე განხორციელდა: ალასანიას ჯერ ფინანსური პოლიციიდან, საგადასახადოდან და სხვა მსგავსი სტრუქტურებიდან ამოუყარეს ხალხი, საგადასახადოში მჯდომი სუს-ის კადრი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებდა ყველა ტენდერს ერთი ნიშნით: ფული ნაციონალებისკენ ან ალასანიასკენ არ წასულიყო. ივანიშვილის ამ შეგონების შემდეგ თავად ალასანიაც და მისი მცირერიცხოვანი ჯგუფის წევრებიც ომახიანად (რაც მათ, ზოგადად, არ ახასიათებთ), აანონსებდნენ ნოემბრის პარტიის ყრილობას, სადაც ყველანი გადადგებოდნენ. და უცებ, ეს დაჭერები. დარჩა სამი ვერსია: 1. ორდინალური: ყველაფერი მიდის ივანიშვილის გეგმით, დამატებით, მან გააკეთა დემონსტრირება იმისა, რომ თუ მის მიერ განსაზღვრულ ხაზს გადაუხვევენ, ყველას დაიჭერს; 2. ოლიგარქული: ივანიშვილმა მოატყუა, რაც მისი ცხოვრების წესია, უბიძგა ოპოზიციისკენ და ყველას დაიჭერს, სხვებმა რომ დაიმახსოვრონ; 3. საძაგელი: გადაბარგება ბუნებრივად რომ გამოიყურებოდეს, ალასანია საკუთარ ადამიანებს აჭერინებს (თუმცა, ეს მის გვერდით მდგომებს გააქრობს). ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავ. ბატიაშვილს თუ დაიჭერენ, ივანიშვილს ალასანიას თავი უკვე მოკლული ირემივით კედელზე ექნება გაკრული", - წერს თარგამაძე Facebook-ში.

კომენტარები