საგარეო პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ჩვენ აქტიურად ვაღრმავებთ კავშირებს ახლო საზღვარგარეთთან

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო რედისონში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად აღრმავებს კავშირებს "ახლო საზღვარგარეთთან". მისივე თქმით, საქართველომ რუსეთთან წარმატებას მიაღწია დაძაბულობის დეესკალაციის, ვაჭრობის განახლების კუთხით.

"პოლიტიკური კუთხით, ჩვენ განვამტკიცეთ ურთიერთობა ჩვენს უშუალო მეზობლებთან: სომხეთთან, აზერბაიჯანსა და თურქეთთან. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვაღრმავებთ კავშირებს ახლო საზღვარგარეთთან.

მართალია, რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენ ვდგავართ, მეტი რომ არაფერი ვთქვათ, გარკვეული გამოწვევების წინაშე, ჩვენ მაინც მივაღწიეთ ერთგვარ წარმატებას დაძაბულობის დეესკალაციის, ვაჭრობის განახლებისა და სხვა კუთხით.

რაც შეეხება დასავლეთს, საქართველოს წინსვლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ აშშ-სა და ევროპას, თანხვდება ჩვენს მიზანს, გავაგრძელოთ ეკონომიკური და დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმება გვთავაზობს გზამკვლევს, სტიმულირებისა და დაცვის მექანიზმებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის პოტენციალის სრულფასოვანი გამოყენებისათვის.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, აგრეთვე მსოფლიო ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ქსელებში ინტეგრაციაში და ახალ პერსპექტივებს გაუჩენს როგორც საქართველოს, ისე იმ მეწარმეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესით არიან დაკავებული. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა იძლევა ევროპის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაციის შესაძლებლობას. ქართულ პროდუქციასა და მომსახურებას უკვე აქვს თავისუფალი გასასვლელი ევროკავშირის ბაზარზე.

გარდა ამისა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მიმზიდველობას და ქმნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს.

წინასწარი პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა გაზრდის საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12.4%-ით, ხოლო იმპორტს - 7.5%-ით, რაც, ამავე დროს, ნიშნავს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას", - თქვა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, 2014 წლის 6 თვეში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა.

"2014 წლის ექვს თვეში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 15%-ით 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. ამასთან, დაფიქსირდა ექსპორტის (41%) და იმპორტის (9%) არნახული ზრდა 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, და ეს მაშინ, როდესაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა. ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა აამოქმედებს ამ ვაჭრობის სრულ პოტენციალს.

საქართველოს აქვს თავისუფალი ან თითქმის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ყველა მეზობელ ქვეყანასთან, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონალური ცენტრის, სტატუსს. ამ ურთიერთობების წყალობით, 2013 წელს ექსპორტი გაიზარდა 22.4%-ით და შეადგინა 2.9 მილიარდ დოლარზე მეტი. ზრდა გაგრძელდა 2014 წელშიც, როცა პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექსპორტი გაიზარდა 15%-ით", - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მთავრობამ ინიციატივები წამოიწყო, "რომელთა მიზანიცაა რისკების შემცირება და ამონაგების გაზრდა. ფართომასშტაბიან დონეზე საქართველოში უცხოური ინვესტიციების დასაფინანსებლად დაარსდა ახალი საჯარო და კერძო საინვესტიციო ფონდები, რომელთა განკარგულებაშიც მილიარდებია. მათ შორის არის საქართველოს პარტნიორობის ფონდი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს ფართომასშტაბიან საინვესტიციო ინიციატივებში, ისე სოფლის მეურნეობის მენეჯმენტის ფონდები, რომლებიც წარმატებით აფინანსებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებას. გარდა ამისა, ახალდაარსებული კერძო საინვესტიციო ფონდის - საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიზანია საქართველოში ინვესტიციების განხორციელება და საქართველოს ეკონომიკაში საქმიანობის წარმართვის მსურველი ინვესტორებისათვის შესაძლებლობების შექმნა.

მართალია, საქართველოს წარმატებული წინსვლა არის ბევრი ადამიანის მიერ მრავალი წლის განმავლობაში გაწეული უდიდესი შრომის შედეგი, სწორედ ჩვენი მთავრობის მიერ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გატარებულმა ძირეულმა რეფორმებმა უზრუნველყო ამ მნიშვნელოვანი მომენტის დადგომა", - თქვა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სასურველი ინვესტორები ქვეყანაში არ შევლენ, თუ კანონის უზენაესობა არ "სუფევს". ჩვენ დავაბრუნეთ კანონის უზენაესობა საქართველოში, და მე ამით ვამაყობ. ჩვენ უკომპრომისო ბრძოლა გამოვუცხადეთ კორუფციას და წერტილი დავუსვით თანამდებობის პირთა დაუსჯელობას. საქართველო არა მხოლოდ ღია, არამედ უსაფრთხოც არის ბიზნესისათვის.

გარდა ამისა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს მოქალაქეთა ჯანდაცვასა და განათლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს განათლებისა და ჯანდაცვის რადიკალურ გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით სოფლად.

ჩვენი მთავრობის მთავარი მიზნებია:

• მაკროეკონომიკური სტაბილურობა;
• ღია და სამართლიანი კონკურენცია ბაზარზე;
• საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი დაცვა;
• დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობა;
• ეფექტიანი ფინანსური სისტემები;
• სტაბილური, პროგნოზირებადი და გამჭვირვალე საკანონმდებლო გარემო.

თქვენთვის და პოტენციური ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში. განსხვავება კი მხოლოდ დაბალ ტარიფებსა და გადასახადებში, მარეგულირებელი წესების სიმცირესა და, რასაკვირველია, თქვენი ამონაგების დიდ მოცულობაშია. იმედი მაქვს, რომ ჩემს გამოსვლაში სწორედ ეს სიტყვები მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.

ამ რეფორმებს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია. საქართველო სულ უფრო მეტ უცხოელ ინვესტორს იზიდავს.

გაგაცნობთ სტატისტიკას:

• ამა წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 6,1%-ით. მოსალოდნელია, რომ 2014 წელს ეკონომიკური ზრდის საერთო მაჩვენებელი 5%-ს გადააჭარბებს;
• ანალიტიკური ცენტრის - Heritage Foundation-ის უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, მიაღწია რა გაუმჯობესებას ეკონომიკური თავისუფლების ათი კატეგორიიდან ექვსში, საჯარო ფინანსების მენეჯმენტის, ინვესტირების თავისუფლების, მონეტარული თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვის კატეგორიების ჩათვლით;
• გარდა ამისა, ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო ცენტების - Moody's-სა და Fitch-ის თანახმად, საქართველოს სუვერენული რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა და BB- კატეგორიაში გადაინაცვლა, ეს კი ძალიან კარგი სიგნალია ინვესტორთათვის;
• საქართველოს საგარეო ვაჭრობა განუხრელად იზრდება. 2014 წლის პირველ ნახევარში საგარეო ვაჭრობა გაიზარდა 16%-ით გასულ წელთან შედარებით და 5.44 მილიარდი დოლარი შეადგინა", - თქვა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, 2015 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დასრულება იგეგმება. მისივე მტკიცებით, საქართველო შიდასარკინიგზო ინფრასტრუქტურასაც აფართოებს,

"2015 წელს დაგეგმილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დასრულება, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და უზრუნველყოფს ეფექტიან და სწრაფ სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს აზიასა და ევროპას შორის.

პირველ წელს, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ მაგისტრალის მეშვეობით შესაძლებელი იქნება 5 მილიონი ტონა ტვირთისა გადაზიდვა და მილიონი მგზავრის გადაყვანა. მომდევნო წლებში კი ეს მაჩვენებელი გასამმაგდება.

გარდა ამისა, საქართველო აფართოებს შიდასარკინიგზო ინფრასტრუქტურასაც. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დასაკავშირებლად შენდება ორი დიდი გვირაბი, რომელთა მეშვეობითაც სარკინიგზო გადაზიდვების სისწრაფე მოიმატებს 50%-ით, ხოლო გადაზიდვების მოცულობა გასამმაგდება.

ამჟამად ვახორციელებთ საქართველოს გავლით ახალი გზატკეცილის მშენებლობას. გვაქვს რამდენიმე ახალი აეროპორტი, რომლის მენეჯმენტსაც ახორციელებს კერძო სექტორი.

ყველა ეს ინიციატივა ავსებს და ზურგს უმაგრებს სხვა პროექტებს, რომელთა მიზანიცაა ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის დაკავშირება. ჩვენ ვმუშაობთ ტარიფებისა და საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციაზე, რათა შეძლებისდაგვარად გავამარტივოთ ტრანსპორტირება.

დღეს საქართველოს გავლით პროდუქციის ტრანსპორტირება აზიასა და ევროპას შორის საოცრად მარტივი და იაფია, და მომავალში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ამ კუთხით საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა საქართველოს პორტებზე, რაც სწორედ მოსალოდნელ ეკონომიკურ ტენდენციას ასახავს. უკანასკნელი წლების განმავლობაში კონტეინერების გადაზიდვა საქართველოს პორტებში მნიშვნელოვნად გაიზარდა - 18%-ით 2014 წლის მხოლოდ პირველ რვა თვეში, 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

სწორედ ამ მზარდი მოთხოვნის გამო, ხელისუფლება ახორციელებს ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ანაკლიაში (შავიზღვისპირეთი), რომელიც ყოველწლიურად მიიღებს 100 მილიონ ტონა ტვირთს. 12 კონსორციუმმა მსოფლიოს ყველა კუთხეში გამოთქვა ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი. ამჟამად მიმდინარეობს მათი შეთავაზებების განხილვა.

საქართველოში ტურიზმი აღმავლობის გზაზეა. მართალია, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას აქვს ზღვისპირა და სათხილამურო კურორტები, ვენახები, ასევე განთქმული სამკურნალო და გამაჯანსაღებელი კურორტები. 2013 წელს საქართველოს ეწვია 5.4 მილიონი ადამიანი, რაც 22%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

თბილისის სასტუმროები ხშირად 70-ზე მეტი პროცენტით არის დაკავებული. აგრეთვე, იგეგმება ათობით ახალი სასტუმროს გახსნა. ამ სექტორის სრული პოტენციალი ჯერ კიდევ გამოუყენებლია.

ჩემი მთავრობა აქტიურად მუშაობს ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, აგრეთვე არსებული მომსახურებისა და ახალი შესაძლებლობების დივერსიფიკაციაზე, MICE-ტურიზმისა და საკონფერენციო ცენტრის დაარსების ჩათვლით.

როგორც მზარდი ტურისტული ცენტრი, საქართველო ინვესტორებს სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობებს უძრავი ქონების, ზოგადად მშენებლობისა და კომერციული ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროებში, განსაკუთრებით სასტუმროებისთვის, ოფისებისთვის, სავაჭრო ცენტრებისა და სხვა მოთხოვნადი ფართობებისთვის", - აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები