საერთო სამხედრო დაჯგუფება

ენმ ხელისუფლებას აფხაზეთის საკითხზე თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმცირესობა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით რეზოლუციის ტექსტს შეიმუშავებს. დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის თქმით, უმცირესობა მზად არის, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, რათა თავიდან იქნას აცილებული აფხაზეთის ანექსია. ენმ ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატი და მხოლოდ ჟენევის ფორმატით გააგრძელოს. 

"რუსეთსა და აფახაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ გაფორმდეს ხელშეკრულება, რომელიც მოახდენს აფხაზეთის ანექსიას. ჩვენი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლიც უნდა განიხილებოდეს საქართველოში. ვთვლით, რომ ეს არ არის ის თემა, რომლის გარშემოც უნდა მიმდინარეობდეს კინკლაობა. ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რათა არ მოხდეს მსგავსი რამ. ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას თანამშრომლობას, მათ შორის, ჩავრთოთ ყველა რესურსი. მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მობილიზაცია, რათა მსგავსი ნაბიჯები არ გადაიდგას. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინის ამბებზე, გვინდოდა, რომ საქართველოს საკითხიც უკრაინასთან ერთად განხილულიყო. მაშინ ხელისუფლებამ არ მოგვისმინა, რის გამოც დღეს დავდექით ამ რეალობის წინაშე. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან ორ რამეს - შეწყდეს ე.წ. ორმხრივი ფორმატი, აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახით და რუსეთთან მოლაპარაკება მხოლოდ ჟენევის ფორმატით გაგრძელდეს; ასევე მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. ჩვენ მოვამზადებთ რეზოლუციის ტექსტს და ხვალ დავარეგისტრირებთ მას. იმედი გვაქვს, კვირის ბოლომდე უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების პროექტი ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ დეფაქტო ხელისუფლების პარლამენტში განსახილველად გუშინ შევიდა. პროექტი ითვალისწინებს საერთო სამხედრო დაჯგუფების შექმნას, რომელსაც რუსეთი დააფინანსებს. დაჯგუფების მიზანი იქნება აგრესიის შემთხვევაში აფხაზეთის დაცვა. ასევე  საგანგებო სიტუაციის დროს მის სარდლობას რუსეთი დანიშნავს. ხელშეკრულების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ორი წლის ვადაში რუსეთსა და აფხაზეთს შორის სასაზღვრო კონტროლი უნდა გაუქმდეს, წელიწადნახევარში კი აფხაზეთ საბაჟო პროცედურები საბაჟო კავშირის წესებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს.

კომენტარები