საერთო სამხედრო დაჯგუფება

პრემიერი: აფხაზეთზე ჩემი ნათქვამი გამგებმა კარგად გაიგო

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ჩემი ნათქვამი გამგებმა კარგად გაიგო და ვერ გაიგო პროვოკატორმა და ავანტიურისტმა". პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა თავისივე ნათქვამი, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება "პირდაპირ ეწინააღმდეგება აფხაზი ერის მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის".  როგორც ღარიბაშვილმა სოფელ ბანძაში თქვა, ის და მისი გუნდი არ მიიღებენ არცერთ სიტყვას ადამიანისგან, "რომელიც იყო დანაშაულებრივი სისტემის, ადამიანების გატაცებების, წამების, გაუპატიურების და მკვლელობების მთავარი შემოქმედი და დღეს ბრალდებულია ძალიან მძიმე დანაშაულებში". პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის შემაშფოთებელი იყო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებაზე საუბარი, რადგან ეს პრაქტიკულად ანექსიას ნიშნავს.

"მე ვთქვი, რომ ეს არის შემაშფოთებელი და დაუშვებელი. ჩვენ ძალიან მკაცრი შეფასება გავაკეთეთ ამის თაობაზე. ჩემს მიერ ნახსენები ე.წ. თვითგამორკვევის ტერმინი ვითომ ვერ გაიგო სააკაშვილმა, რომლისგანაც მომდინარეობდა მთელი ის საშინელება, რაც ხდებოდა საქართველოში და მას მიეცა სპეკულაციის საგანი. თვითგამორკვევა არის ჩვენი ქვეყნის ფარგლებში. ეს გულისხმობს იმას, რომ აფხაზებს ყოველთვის ჰქონდათ ავტონომია და ჩვენ ვთავაზობთ ავტონომიას. ჩემი ნათქვამი გამგებმა კარგად გაიგო და ვერ გაიგო პროვოკატორმა და ავანტიურისტმა, რომელმაც დაგვაკარგინა კოდორი, უამრავი ტერიტორია, რომლის გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი იყო 2008 წლის ომი და რომელმაც განაპირობა აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება რუსეთის მხრიდან. სწორედ ეს არის სააკაშვილი. ჩვენ, საუბედუროდ, გვიწევს სააკაშვილის მძიმე მემკვიდრეობის და მის მიერ დაშვებული უმძიმესი შეცდომების გამოსწორება. მისი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და აღიარებული რუსეთის მიერ. ჩვენი მთავრობის დამსახურებაა, რომ ორმა სახელმწიფომ უკან წაიღო ეს აღიარება, მაშინ, როდესაც სააკაშვილის დროს ხუთმა სახელმწიფომ აღიარა. დღეს გამოდის და საუბრობს ავანტიურისტი კაცი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, რეალურად დაანგრია ქვეყანა", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პრემიერი ტერმინ "თვითგამორკვევის" გამოყენებით უმძიმეს დარტყმას აყენებს ქვეყნის მთლიანობას და შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ასევე, აფხაზეთიდან დევნილებს და თითოეულ ქართველს. 

კომენტარები