საერთო სამხედრო დაჯგუფება

უმრავლესობა და უმცირესობა აფხაზეთის თემაზე დოკუმენტის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ

აფხაზეთსა და რუსეთს შორის გასაფორმებელ შეთანხმებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი და უმცირესობა პარლამენტის მიერ მისაღები დოკუმენტის ერთიან ტექსტზე ვერ შეთანხმდა. რუსეთ-აფხაზეთს შორის ე.წ. ინტეგრაციის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე უმცირესობას მომზადებული აქვს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი. უმრავლესობა კი, განცხადების პროექტით გამოდის.

"პარლამენტში გვაქვს გარკვეული შეთანხმება, რომ როცა ასეთი მნიშვნელობის საკითხი საჭიროებს პარლამენტის განცხადებას ან რეზოლუციას, ვცდილობთ შეთანხმებას შინაარსზე. გვქონია შემთხვევა, როცა შინაარსზე შევჯერებულვართ და ერთიანი განცხადებით გამოვსულვათ და ყოფილა შემთხვევა, როცა ერთსა და იმავე თემაზე ორი სხვადასხვა ტექსტი ყოფილა მომზადებული. ამ შემთხვევაში კონსულტაციების შედეგად მივედით იქამდე, რომ უმრავლესობას და უმცირესობას აფხაზეთის გარშემო შექმნილ ვითარებაზე თავისი ხედვა და პრიორიტეტები აქვს, რაც ასახულია ერთის მხრივ რეზოლუციის, ხოლო მეორეს მხრივ განცხადების პროექტში", - განაცხადა პლენარულ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა.

"უმრავლესობა არ ეთანხმება ჩვენი რეზოლუციის ტექსტს. საერთოდ არ აპირებენ რეზოლუციის მიღებას, რადგან ვერ ბედავენ მთავრობას/ღარიბაშვილს რამე დაავალონ ივანიშვილის ნების საწინააღმდეგოდ. ამიტომ გამოიტანეს ტექსტი, რომელსაც დაარქვეს "განცხადება" და ამ განცხადებაში არ წერია არაფერი ახალი, არაფერი. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს - რუსეთმა ხვალ რომ ღიად მიიერთოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ივანიშვილი მაინც გააგრძელებს რუსეთთან business as usual-ს, რადგან მისი პირადი ინტერესები და ამ ქვეყნის ინტერესები აცდენილია ერთმანეთს", - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარები